სტუდენტური დერბი თსუ 2-ის სრული დომინაციით დასრულდა!

ყველა სიახლე
05 ნოემბერი 2022

სტუდენტური დერბი თსუ 2-ის სრული დომინაციით დასრულდა!

ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტურის შეხვედრები გორის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. გორმა ფუტსალის ტურს პირველად უმასპინძლა. სასტარტო მატჩში ერთმანეთს საქართველოს უნივერსიტეტი და თსუ 2 დაუპირისპირდნენ.

თსუ წინ საწყის წუთზევე გავიდა, ტაიმი კი ორბურთიანი უპირატესობით (3-1) მოიგო. მეორე ნახევარში საბა ეგრისელაშვილმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. გეგა კოშაძემ საბოლოო ანგარიში ოცდამეცხრამეტე წუთზე დააფიქსირა და თსუ-მ მეტოქე დამაჯერებლად, 6-1 დაამარცხა. UG-ის რიგებიდან ერთადერთი გოლის ავტორი ნიკა ფანცულაია გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

სანდრო ქაჯაია, თსუ 2: „პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ UG საკმაოდ გაძლიერებულია და ბევრად უფრო დალაგებულად თამაშობენ, ვიდრე შარშან. მეტად ფუტსალურად თამაშობენ, როგორც ამას თსუ აკეთებს ხოლმე. ვფიქრობ, მეორე ტაიმში გატანილი პირველი გოლი იყო გარდამტეხი. ჩვენ თვითონაც დავლაგდით, დაცვაში უკეთესად ვთამაშობდით. ეიფორია, რაც მატჩის დასაწყისში გვქონდა, გადავლახეთ. მწვრთნელის დავალებები, რაც პირველი ტაიმის შემდეგ მივიღეთ, პირნათლად შევასრულეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით“.

ნიკა ფანცულაია, UG: „ჩემი აზრით, თსუ ყველაზე ძლიერი გუნდია. წინა წელსაც გვიჭირდა მათთან თამაში. ყველაზე კარგად და სანახაობრივად თსუ თამაშობს. მომენტები გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ნამდვილად გვაჯობეს თამაშით და დავმარცხდით. მეორე გოლი რომ მივიღეთ, პენალტიდან, ვფიქრობ საჯარიმოს გარეთ იყო დარღვევა. იყო მსგავსი პატარ-პატარა მომენტები, რამაც გაგვტეხა და საბოლოო ჯამში წავაგეთ“.

ტურის სხვა მატჩებში ევროპის უნივერსიტეტის მეორე გუნდი წალენჯიხას ეთამაშება, ილიაუნი 2 „სპორტუნის“ შეხვდება, გორი კი საკუთარ კედლებში პირველად უმასპინძლებს მეტოქეს, ქუთაისი 2-ს.



  © SBM, 2016-2024