EU 2-მა ილიაუნი 2 დამაჯერებლად დაამარცხა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის მეორე ტურის დასკვნით მატჩში ევროპის უნივერსიტეტის მეორე გუნდი ილიაუნი 2-ს დაუპირისპირდა.
მატჩის პირველი ნახევარი EU-მ დამაჯერებლად, სამბურთიანი უპირატესობით მოიგო. ოცდამესამე წუთზე ილიაუნიმ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მალევე გიორგი კურტანიძემ დუბლი გაიფორმა და სამბურთიანი სხვაობა აღადგინა. ევროპის უნივერსიტეტმა სეზონის მეორე შეხვედრაში საბოლოოდ 5-1 იმარჯვა და გორთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეშია.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი კურტანიძე, EU 2: „საკმაოდ დაძაბული თამაში გამოვიდა. პირველ თამაშში ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს მოვუგეთ. ახლაც გავიმარჯვეთ და კარგია ასეთი დასაწყისი. ვფიქრობ, კარგი გუნდი ვართ. საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ სეზონის განმავლობაში ვიმუშავებ მეტს“.
გიორგი წიქვაძე, ილიაუნი 2: „უდიდესი პრობლემა იყო მომენტების გამოუყენებლობა. ამაში დიდი წვლილი პასუხისმგებლობის ჩემზეა, რადგან პენალტი ვერ გამოვიყენე. ძალიან ბევრი მომენტი გავაფუჭეთ. ჩვენ თავს არ ვგავდით. ძალიან ცუდად ვითამაშეთ. შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ, წელს ჩემპიონობის გარდა ყველა შედეგი წარუმატებლობა იქნება ჩვენთვის, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამ გაკვეთილს გამოვიყენებთ, რომ უფრო ძლიერები დავბრუნდეთ. მეტოქეს წარმატებებს ვუსურვებ, დარწმუნებული ვარ, დიდ კონკურენციას გაუწევს ლიდერებს. დღეს ბევრი მომენტი იყო, როცა გამჭოლი პასები გაკეთდა, მაგრამ ვერ დავასრულეთ გოლით, იმედია, შემდეგში გამოვასწორებთ ამ ყველაფერს“.
ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ტური 5 ნოემბერს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.