UG-მ მეორე ტურის შეხვედრაში სპორტის უნივერსიტეტს სძლია!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეორე ტურის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს. გახსნით მატჩში ერთმანეთს სპორტის უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ.
პირველ ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორი ბექა მურღული იყო, რომელმაც UG მეცამეტე წუთზე წინ გაიყვანა. მეორე ნახევარში "საქართველოს უნივერსიტეტმა" სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. დროის ამოწურვამდე სპორტუნიმ ორი ბურთის გაქვითვა მოასწრო და მატჩი საბოლოოდ UG-ის სასარგებლოდ 4-2 დასრულდა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ექსეულიძე, სპორტუნი: „ძლიერ და ჩვენზე გამოცდილ გუნდს ვეთამაშეთ დღეს. სულ რაღაც ერთი თვეა, რაც დავიწყეთ ვარჯიში და დრო გვჭირდება შევეჩვიოთ, ზოგს ახალი დაწყებული აქვს ფუტსალი და შეთამაშება გვჭირდება. პირველ ტაიმში გვქონდა ჩვენც მომენტები, მოწინააღმდეგის მეკარეს შევაქებ, ძალიან კარგად ითამაშა. ფიზიკური მომზადებაც გვაკლია, დროთა განმავლობაში, იმედია, ყველაფერი დაიხვეწება და ჩვენც შედეგს დავდებთ, რაც ჩაფიქრებული გვაქვს“.
ბექა მურღული, UG: „მადლობა მოწინააღმდეგეს, ახალშეკრებილი გუნდია და ნამდვილად ანაგარიშგასაწევი ძალაა. წინა დასანანი მარცხის შემდეგ, გავიარეთ შეცდომები და მოვახდინეთ მომენტების რეალიზება. პირველი ტაიმი ყოველთვის უფრო დაძაბულია ხოლმე. ვფიქრობ, თამაშში გარდამტეხი პირველი გოლი იყო, ასევე მეორე გოლიც, რის შემდეგაც, მთელი სადავეები ჩვენს ხელში იყო“.
დღის სხვა შეხვედრებში ქუთაისი 2 თსუ 2-ს დაუპირისპირდება. წალენჯიხა გორს ეთამაშება. ევროპის უნივერსიტეტის მეორე გუნდი კი ილიაუნი 2-ს შეხვდება.