დაძაბულ შეხვედრაში გორმა თსუ 2 დაამარცხა!

ყველა სიახლე
23 ოქტომბერი 2022

დაძაბულ შეხვედრაში გორმა თსუ 2 დაამარცხა!

ფუტსალის ლიგა 2-ის რიგით მეხუთე სეზონის პირველი ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს თსუ 2 და „გორი“ დაუპირისპირდნენ. დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრა გორელების სასარგებლოდ 5-4 დასრულდა.

„სტუდენტებმა“ პირველი ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით დამაჯერებლად მოიგეს. გორელებმა მეორე ნახევრის სტარტზევე თამაში რადიკალურად შემოატრიალეს და ორწუთიან ინტერვალში მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს (3-2). მალევე უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და ანგარიში 4-2 გახდა. თსუ 2-მა შეხვედრის ბოლომდე სხვაობა მინიმუმამდე ორჯერ შეამცირა (4-3; 5-4), მაგრამ მოწინააღმდეგეს ვერ დაეწია და საბოლოოდ 5-4 დამარცხდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით ბობოხიძე, თსუ 2-ის მთავარი მწვრთნელი: „მოწინააღმდეგეს კარგი თამაში გამოუვიდა და ვულოცავ. პირველ ტაიმში მართლა კარგად ვითამაშეთ, შემდეგ დაღლილობამ იჩინა თავი. ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ მატჩამდე მომზადება, დარბაზის პრობლემიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ შედეგით. მოწინააღმდეგემ მეორე ტაიმის სტრატზე ჩვენი მოდუნებით კარგად ისარგებლა და ოთხი გოლი გაგვიტანა. დავეწიეთ შემდეგ და გვქონდა გასატანი მომენტები, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. თსუ 2, როგორც წესი, მძიმედ იწყებს ხოლმე სეზონს და შემდეგ უმატებს, იმედი მაქვს, წელსაც ასე იქნება“.

დავით ადუაშვილი, გორის მთავარი მწვრთნელი: „წინა წლებთან შედარებით, ადრე დავიწყეთ მომზადება და უკეთეს პირობებშიც ვართ. ახალი სპორტის სასახლე გვაქვს გორში და სტანდარტულ მოედანზე ვვარჯიშობთ. გვყავს დებიუტანტები, რომელთაც თავიდან ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ შესვენებაზე გამოვასწორეთ ეს ხარვეზები. მთლიანობაში ჩვენ სასარგებლოდ შემოვატრიალეთ თამაში. თსუ-სთან ყოველთვის ბრძოლა გვაქვს, კარგი გუნდია, გამოცდილი მწვრთნელით და ჩემთვის საამაყოა ასეთ გუნდთან მოგება. წელს აუცილებლად ვიბრძოლებთ სამეულში შესასვლელად“.

პირველი ტურის დასაკვნით მატჩში ილიაუნი 2 „წალენჯიხას“ ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024