ფუტსალის ლიგა 2-ში პირველი ტურის წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
18 ოქტომბერი 2022

ფუტსალის ლიგა 2-ში პირველი ტურის წყვილები ცნობილია!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის პირველი ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 23 ოქტომბერს გაიმართება. გათამაშებაში მონაწილეობას რვა გუნდი მიიღებს. ჩემპიონატს წელს ორი დებიუტანტი გუნდი შემოუერთდა - სპორტის უნივერსიტეტი და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გუნდი „წალენჯიხა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის რიგით მეხუთე სეზონის წილისყრა „ტერმინალში“ გაიმართა. გუნდები სატურნირო ცხრილში გადანაწილდნენ და შედეგად პირველი ტურის წყვილები გამოვლინდა: თსუ 2 VS გორი; ქუთაისი 2 VS სპორტის უნივერსიტეტი; საქართველოს უნივერსიტეტი VS ევროპის უნივერსიტეტი 2; ილიაუნი 2 VS წალენჯიხა.

ცვლილებაა ჩემპიონატის ფორმატში. რეგულარულ სეზონში გუნდები ერთმანეთს ორ წრედ დაუპირისპირდებიან. წრიული ეტაპის შემდეგ მეოთხედფინალები გაიმართება, წყვილში გამარჯვებულები კი ½ ფინალში იასპარეზებენ. პლეი-ოფის მატჩები ორ მოგებამდე გაგრძელდება, ფინალური შეხვედრები კი სამ მოგებამდე გასტანს.

2022/23 წწ. სეზონის შეხვედრებს თბილისსა და ქუთაისთან ერთად გორის სპორტის სასახლეც უმასპინძლებს.

Sbm.ge გთავაზობთ წილისყრის შემდგომ კომენტარებს:

ილია მღებრიშვილი, „გორის“ სპორტული დირექტორი: „ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ გუნდში, მაგრამ სიახლეები გვაქვს, რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე დავიმატეთ მწვრთნელის დახმარებით. თამაშებიდან გამომდინარე დავისახავთ მიზნებს. ჯერ-ჯერობით სპორტის სასახლეში არ დაგვიწყია ვარჯიში, მაგრამ მალე გადავალთ.ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ უკვე გორშიც ჩატარდება ფუტსალის ჩემპიონატი. პირველ ტურში თსუ-ს ვხვდებით. კარგი და გამოცდილი გუნდია. ხშირად გვითამაშია მათთან და მოსაგებად ვიბრძოლებთ. ვეცდებით წელს კარგი შედეგი ვაჩვენოთ“.

დავით თაბაგარი, ილიაუნი 2-ის მთავარი მწვრთნელი: „მოუთმენლად ველით ტურნირის დაწყებას. ბევრი ახალწვეული გვყავს და გუნდი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. ეს სეზონი ჩემთვის გამოწვევაა, რადგან გუნდის მთავარი მწვრთნელი ვიქნები. როცა ლიგა 2-ში ვთამაშობდი, ჩემპიონები გავხდით და ახალა უკვე მწვრთნელის რანგში ვეცდები წარმატების მიღწევას. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჩემპიონატია, რადგან აქ სტუდენტებს ეძლევათ განვითარების საშუალება და ფუტსალში დიდ ასპარეზზე ეხსნებათ გზა. ვულოცავ ყველა დებიუტანტ გუნდს და ველით საინტერესო დაპირისპირებებს. დებიუტანტები ყოველთვის მეტი მოტივაციით გამოდიან და მაქსიმალურად ეცდებიან გამოავლინონ შესაძლებლობები, შესაბამისად, რთულ მატჩს ველოდებით წალენჯიხასთან“.



  © SBM, 2016-2024