ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეები!

ყველა სიახლე
07 ივნისი 2022

ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეები!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის გამარჯვებული ქუთაისის „ქუთაისი“ გახდა. სანახაობრივ საჩემპიონო სერიაში „იმერლებმა“ ევროპის უნივერსიტეტს ზედიზედ მესამე მატჩშიც აჯობეს და სადებიუტო სეზონში მთავარ ტიტულს დაეუფლნენ.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული სერიის მესამე დაპირისპირების ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა. ქუთაისის რიგებიდან წონასწორობა ორჯერ ირაკლი გვეტაძემ აღადგინა. გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებით ორი სამწუთიანი ტაიმი დაინიშნა, რომლის დასაწყისშივე ბაკურ გულუამ გუნდი წინ გაიყვანა. საფინალო სირენამდე ბექა ტუღუშმა მეტოქეს კიდევ ორი უპასუხო გოლი გაუტანა და ქუთაისმა დამატებით დროში 3-0 იმარჯვა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც 2021/22 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. ფუტსალის ლიგა 2-ის საუკეთესო მეკარე ბაკურ სანიკიძე (EU) გახდა. საუკეთესო მცველად ლაშა გელოვანი (ქუთაისი) დასახელდა. 

საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ბაკურ გულუას (ქუთაისი) ერგო. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გიორგი ქურხულმა (EU) მიიღო. წელს პირველად დასახელდა ტურნირის საუკეთსო ახალგზარდა ფეხბურთელი - ტიტული გეგა კოშაძემ (თსუ 2) დაიმსახურა. ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტი 23 საგოლე გადაცემით, საუკეთესო ბომბარდირი, ფუტსალის ლიგა 2-ის ისტორიაში რეკორდული, 39 გოლით, და სეზონის საუკეთესო მოთამაშე ბექა ტუღუში (ქუთაისი) გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ სეზონის შემაჯამებელ კომენტარებს:

გიორგი ქურხული, EU: „კარგი სეზონი გამოვიდა, მაგრამ უფრო მეტი გვინდოდა და უფრო მეტი შეგვეძლო. ქუთაისმა დამსახურებულად მოიგო. სამი შეხვედრა თავიდანვე მოიგო და ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს. რაღაცებში არ გაგვიმართლა ფინალში, მაგრამ ვულოცავ გამარჯვებას. როცა სამამდეა თამაში, ალბათ ბოლომდე შეგიძლია გამოავლინო შენი პლიუსები. ჩვენ ვერ შევძელით, სამწუხაროდ. ამ წელს უკეთესი ქუთაისი იყო. ყოველთვის სასიხარულოა პირად ჯილდოს როცა იმსახურებ. 

საუკეთესო თავდამსხმელი გავხდი მე და ყველას დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის“.

ბაკურ სანიკიძე, EU: „პირველ რიგში, ვულოცავ მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას. დაიმსახურეს ნამდვილად და ღირსეულად მოიგეს. ჩვენს თამაშს ეტყობა პრობლემები - მომენტების გამოუყენებლობა. არ გამოგვივიდა ბოლომდე თამაში და ვერ შევამცირეთ სერიაში სხვაობა. შრომამ შედეგი გამოიღო, დამიფასდა ის მომენტები, როცა გადავარჩინე გუნდი გაშვებული გოლებისგან. საბოლოო ჯამში სეზონს შევაფასებდი დადებითად. პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ, ფინალში ვითამაშეთ. ჩემპიონობა გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა, ვეცდებით, შემდეგში მოვიპოვოთ“.

ბაკურ გულუა, ქუთაისი: „მოწინააღმდეგეს დიდი მადლობა ასეთი ღირსეული ბრძოლისთვის. ნამდვილად დაიმსახურეს ფინალი და ბრძოლაც შესაბამისი იყო. წინაზეც ვახსენე, რომ ეს გუნდი არ არის იმ დონის, როგორი ანგარიშითაც პირველი თამაში დამთავრდა და ეს დღესაც დაამტკიცეს. ქუთაისის ჩემპიონობას ყველას ვულოცავ, ვინც აქამდე მოსვლაში თავისი წვლილი შეიტანა.

ძალიან რთული გზა გვქონდა, იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ ერთობით და სულისკვეთებით შედეგი დავდეთ. ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერებაა ჩემპიონობა, ასე ცხელ გულზე სიტყვებით გადმოცემა რთულია. იმედია, მსგავს განცდას მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაშიც მივაღწევთ“.

ლაშა გელოვანი, ქუთაისი: „ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენი შრომა დაგვიფასდა. ძალიან რთული სეზონი გამოვიდა, დიდი შრომა იყო ჩადებული ამ ყველაფერში. სერიაში 3-0-ს არ ველოდით, მაგრამ ისეთი კონცენტრირებულები ვიყავით ყველა თამაშში რომ ამან განაპირობა გამარჯვება. მეტი მონდომება და ჟინი გვქონდა. სამივე თამაში თბილისში იყო და ეს უფრო ართულებდა ჩვენს გეგმას. ბოლომდე მივიყვანეთ დაწყებული და ყველა ბედნიერი ვართ. დღეს გარდამტეხი ალბათ მესამე გოლი იყო, გულუამ რომ გაიტანა. წინა თამაშშიც დამატებითი დრო იყო და პირველი შეხვედრაც დაძაბული გამოდგა. ძალიან ძლიერი გუნდია EU და წარმატებებს ვუსურვებ. პირადი ჯილდო ძალიან გამიხარდა. ძალიან ძლიერი ფეხბურთელები იყვნენ დაცვაში და არ ველოდი, მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო“.

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონი ქუთაისის ჩემპიონობით დასრულდა. ვიცე-ჩემპიონის ტიტული ევროპის უნივერსიტეტს ერგო, ბრინჯაოს პრიზიორი კი თსუ 2 გახდა.



  © SBM, 2016-2024