საგაზაფხულო ლიგის ფინალში NS Studio და GM ითამაშებენ!

ყველა სიახლე
29 მაისი 2022

საგაზაფხულო ლიგის ფინალში NS Studio და GM ითამაშებენ!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის საგაზაფხულო ლიგის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. სადებიუტო გათამაშების ჩემპიონობისთვის NS Studio და ჯორჯიან მანგანეზი იბრძოლებენ.

NS Studio-მ ფინალის საგზური ხალიკ ბანკთან მოიპოვა. დაძაბული შეხვედრის პირველი ნახევარი „ბანკირების“ სასარგებლოდ 2-1 დასრულდა. თამაშის განახლებიდან მეშვიდე წუთზე NS Studio-მ წონასწორობა აღადგინა და დარჩენილ დროში ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვა. საბოლოოდ NS Studio-მ მეტოქე 4-2 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სამი საგოლე გადაცემით გიორგი ჯაბადარი გახდა.

ჯორჯიან მანგანეზმა ნახევარფინალში „წალენჯიხა“ დაამარცხა ანგარიშით 3-2. „წალენჯიხამ“ შეხვედრაში წონასწორობა ორჯერ აღადგინა, მაგრამ ოცდამეერთე წუთზე ზურა შერგელაშვილმა GM წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ჯაბადარი, NS Studio: „პირველ რიგში, დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ ასეთ ტურნირში. იქიდან გამომდინარე, რომ აქამდე ვერც ერთი თამაში მოვიგეთ, ვერ გამოვხატე ეს მადლიერება.  ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის. მთელი სეზონის განმავლობაში არ გვიმართლებდა. ძალიან ბევრ შემთხვევაში ვიმსახურებდით მოგებას და მაინც ვაგებდით. ამით რაღაც ნავსი გავტეხეთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ფინალშიც დაგვეხმარება. ამ ენთუზიაზმით თუ გავედით, აუცილებლად მოვიგებთ საგაზაფხულო ლიგას“.

ჯორჯიან მანგანეზსა და NS Studio-ს შორის საგაზაფხულო ლიგის ფინალი 12 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024