ქუთაისი ლიგა 2-ის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის ფინალში ევროპის უნივერსიტეტი და ქუთაისი ითამაშებენ.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული გადამწყვეტი ნახევარფინალური შეხვედრა თსუ 2-სა და ქუთაისს შორის დამატებით დროში გადაიზარდა. მატჩის პირველი ნახევარი ფრედ 1-1 დასრულდა. ირაკლი გვეტაძემ ქუთაისი თამაშის სტარტზე დააწინაურა. ალექსანდრე ქაჯაიამ ტაიმის ბოლო წუთზე წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა ორი სამწუთიანი დამატებითი ტაიმი, რომლის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე გამარჯვების გოლი ბექა ტუღუშმა გაიტანა (1-0) და ქუთაისი ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალში გავიდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
შალვა ცხადაძე, თსუ2: „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს, მწვრთნელს და ქუთაისს ასეთი ღირსეული თამაშისთვის. მთლიანად ნახევარფინალური სერია, ვთვლი, რომ სანახაობრივი იყო როგორც სათამაშო სტილით და ტემპით, ასევე ხარისხის თვალსაზრისით. იყო პატარ-პატარა შეცდომები. მეტოქემ ზუსტად ეს შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანა. ამან განაპირობა მათი ფინალურ ეტაპზე გადასვლა. მაყურებელს საინტერესო და სანახაობრივი ფინალი ელის. მომავალ წელს ვეცდებით მოვიპოვოთ ის სანატრელი ტიტული, რომელიც დიდი ხანია არ მოუპოვებია თსუ 2-ს. ილიაუნისთან გამოვალთ საბრძოლველად და ვეცდებით პროგრამა მინიმუმი, რაც საპრიზო ადგილის მოპოვებას გულისხმობს, შევასრულოთ“.
ირაკლი გვეტაძე, ქუთაისი: „პირველ თამაშში დავმარცხდით. მობილიზება გვაკლდა. ფიზიკურადაც არ ვიყავით მზად. ვერ შევთამაშდით ისე როგორც გვინდოდა პირობების გამო. ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი გუნდია თსუ 2 რადგან ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. ქუთაისურმა ჟინმა განაპირობა დღეს თამაშის მოგება. ამისთვის გამოვედით. ბოლო წუთებში განსაკუთრებით ჩანდა ეს მობილიზება, რადგან მხოლოდ მოგება გვინდოდა და არა პენალტების სერია. ევროპის უნივერსტეტი შეთამაშებული გუნდია. ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. გვინდა რომ ჩვენი სახელი დავწეროთ ლიგის ისტორიაში“.
ფუტსალის ლიგა 2-ის პირველი ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 23 მაისს გაიმართება. ბრინჯაოსთვის ბრძოლა ორ, ჩემპიონობისთვის კი სამ მოგებამდე გაგრძელდება.