არმია მეგობრობის თასის გამარჯვებულია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის მეგობრობის თასის გამარჯვებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ გახდა.
ფინალში არმიას საპატრულო პოლიციის გუნდი დაუპირისპირდა. დაძაბული და სანახაობრივი „ძალოვანთა დერბის“ ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ გოჩა ჯიქიამ არმია ოცდამეთოთხმეტე წუთზე დააწინაურა. თამაშის დასრულებამდე რევაზ ინჯგიამ წონასწორობა აღადგინა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. სამ-სამი დარტყმა გუნდებმა ზუსტად შეასრულეს, ლევან სხულუხიამ დამატებითი დარტყმის მოგერიება შეძლო და არმია მეგობრობის თასის გამარჯვებული გახდა (4-3 პ.).
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ირაკლი ქარჩავა, პატრული: „მართალია, გულშემატკივარს იმედები გავუწბილეთ, მაგრამ თამაში საინტერესო იყო. რაც არ უნდა იყოს, არმიასთან ყოველთვის დაძაბულობაა, როგორც მოედანზე, ასევე ტრიბუნებზე. ვფიქრობ, სეზონი სტაბილურად ჩავატარეთ. ფინალში უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო. გვქონდა მომენტები და თამაშის მხრივ უპირატესობაც გვქონდა, მაგრამ არ გავიდა გოლი და აქეთ გაგვიტანეს. ამან უფრო დაგვძაბა. გავათანაბრეთ, მაგრამ პენალტების სერია რაც არ უნდა იყოს გამართლებაა. ვულოცავ არმიას. ფინალში ერთხელ მოგვიგია არმიასთვის და ახლა გაათანაბრეს ანგარიში. კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ. მადლობა SBM-ს კარგი და ორგანიზებული ტურნირისთვის“.
ლევან სხულუხია, არმია: „პატრული ძალიან ძლიერი გუნდია. ჩვენ ახალი შეკრებილები ვართ და უკვე ორი ტიტულის მოპოვება შევძელით. ეს შემთხვევითობა არ არის. ჩვენი გუნდი ათამაშდა, ჩამოყალიბდა და ღირსეულად თამაშობს ყველა თამაშს. პენალტები ჩემი სისუსტეა, მაგრამ გამიმართლა, მეგობრების დახმარებით და უფრო გამოცდილი ხალხის მითითებით ეს ყველაფერი გამოგვივიდა. დებიუტისთვის საუკეთესო შედეგია, საერთოდ რაც გუნდია ჩამოყალიბებული. ეს არის ჩვენი ძალისხმევის შედეგი. არმია ყოველთვის ერთად დგას და სულ ასე იქნება“.
მეგობრობის თასის ფინალის საუკეთესო მოთამაშე არმიას მეკარე ლევან სხულუხია გახდა. ბომბარდირის ტიტული ხუთი გატანილი გოლით რევაზ ინჯგიამ მოიპოვა.