EU-მ ფინალის საგზური მოქმედ ჩემპიონთან მოიპოვა!

ყველა სიახლე
08 მაისი 2022

EU-მ ფინალის საგზური მოქმედ ჩემპიონთან მოიპოვა!

ევროპის უნივერსიტეტმა მოქმედი ჩემპიონი ილიაუნი 2 დაამარცხა და ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალში პირველად ითამაშებს. განმეორებითი მატჩი ილიაუნი 2-თან კვლავ EU-ს გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3-0.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ „სტუდენტურ“ დერბიში EU-მ ორი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. მეცხრე წუთზე ევროპის უნივერსიტეტი ავტოგოლით დაწინაურდა. მალევე სხვაობა კახაბერ გოგოხიამ გაზარდა. მცდელობების მიუხედავად, ილიაუნიმ წონასწორობის აღდგენა ვერ შეძლო და თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე საბოლოო ანაგრიში აველო კიკვაძემ დააფიქსირა. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ნათენაძე, ილიაუნი 2: „ამ თამაშისთვის მთელი ძალებით ვემზადებოდით. კარგი ვარჯიშები გვქონდა. თამაშის დროს ვერ წარმოვაჩინეთ ის უპირატესობები, რაც ჩვენს გუნდს გააჩნია - სისწრაფე, შეტევითი სტილი. გოლის გატანაც ვერ მოვახერხეთ, რაც ორმაგად სამწუხაროა მარცხთან ერთად. ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, დიდი იმედი გვქონდა, რომ განმეორებით მატჩში მოვახერხებდით რევანშის აღებას, მაგრამ დავაკელით რაღაცები და დავმარცხდით. გულდასაწყვეტია, რომ შარშანდელ ჩემპიონებს მესამე ადგილისთვის გვიწევს ბრძოლა, მაგრამ ამ ჩემპიონატს დავასრულებთ, როგორც ღირსეული გუნდი“.

გიორგი ქურხული, EU: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. ილიასთან სრულფასოვანი რევანში ავიღეთ შარშან ნახევარფინალში წაგების შემდეგ. ვფიქრობ, ვიმსახურებდით ამ მოგებას. ილიაუნი ძალიან კარგი გუნდია და წარმატებებს ვუსურვებ. დღეს ჩვენი დღე იყო. მარტო დღევანდელიდან გამომდინარე არ იყო ეს ყველაფერი, ქუთაისშიც დავამტკიცეთ, რომ ვიმსახურებდით ფინალში გასვლას და ველოდებით ჩვენს მოწინააღმდეგეს. ფუტსალში რთულია კარის მშრალად შენახვა და ჩვენ ეს მოვახერხეთ. ყველანაირად კარგად წავიყვანეთ დღევანდელი თამაში და მადლობა ჩემს გუნდს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ შეგვხვდება ფინალში, მთავარი იყო, ჩვენ გავსულიყავით“.

ევროპის უნივერსიტეტის ფინალური მეტოქე ქუთაისსა და თსუ 2-ს შორის 15 მაისს გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება. ილიაუნი 2 კი მესამე ადგილისთვის წყვილში დამარცხებულს ეთამაშება. 



  © SBM, 2016-2024