გრანდ ლიგის საუკეთესო მოთამაშეები!

ყველა სიახლე
02 მაისი 2022

გრანდ ლიგის საუკეთესო მოთამაშეები!

გრანდ ლიგის პირველი გამარჯვებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდი არმია გახდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული დაძაბული ფინალური მატჩი არმიასა და ბაქსვუდს შორის დამატებით დროში გადაიზარდა და 2-1 დასრულდა.

ძირითად დროში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. გამარჯვებულის გამოსავლენად ორი დამატებითი ხუთწუთიანი ტაიმი დაინიშნა. „ძალოვნები“ მამუკა ამაშუკელმა პირველივე წამებზე დააწინაურა. დავით ლომაიამ წონასწორობა აღადგინა (1-1), მაგრამ დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე მამუკა ამაშუკელმა ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გამოიყენა, დუბლი გაიფორმა და არმიამ სადებიუტო სეზონში გრანდ ლიგის ჩემპიონობა იზეიმა.

ფინალური მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის გრანდ ლიგის საუკეთესო მეკარე მამუკა მჭედლიშვილი (McGill) გახდა. საუკეთესო მცველად გიორგი ვაშაკიძე (ბაქსვუდი) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო დავით ლომაიას (ბაქსვუდი) გადაეცა. საუკეთესო ასისტენტი 5 შედეგიანი გადაცემით გიორგი წიკლაურია (McGill). საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი მამუკა ამაშუკელმა (არმია) მიიღო. საუკეთესო ბომბარდირის ტიტული 7 გოლით ნიკოლოზ ჯალაღანიამ (McGill) მოიპოვა. გრანდ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ ნადიმ კახაძე (არმია) დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარებს:

დავით ლომაია, ბაქსვუდი: „პირველ რიგში, მივესალმები ასეთ ლიგას და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტურნირი გამოვიდა. ჩვენი მიზანი ფინალში გასვლა იყო, მაგრამ ჩემპიონობას ვერ მივაღწიეთ. ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. თამაში ისეთი გამოვიდა, როგორიც ფინალს შეშვენის. დასანანია, ისეთი ანგარიშით წავაგეთ. ძალიან კარგად ითამაშა მეტოქემ და ვულოცავ. ვეცდებით შემდეგი წელი სასურველი შედეგით დავასრულოთ“.

გიორგი ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „ძალიან გულდასაწყვეტი მატჩი იყო. ვულოცავ არმიას ჩემპიონობას. ძალიან თანაბარი თამაში იყო ყველა კუთხით, სათამაშო უპირატესობით და მომენტებით. ამ თამაშის ბედი მსაჯების უპირატესობით გადაწყდა, რაც სამწუხაროა. ჯილდოს რაც შეეხება, სასიხარულოა მთელი წლის შრომის დაფასება, მაგრამ გუნდური ჯილდო ნამდვილად მერჩივნა, რასაც როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი მეტოქე ნამდვილად ვიმსახურებდით. შეიძლება ითქვას, ჩემპიონობა გამოგვაცალეს ხელიდან“.

ნადიმ კახაძე, არმია: „ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. მოწინააღმდეგე გუნდი ძალიან კარგად მომზადებული იყო. ამას ჩვენ ვაფასებდით და ვიცოდით მათი შესაძლებლობები. ვცდილობდით მათი მინუსების დადებითად გამოყენებას. საბოლოო ჯამში, შევასრულეთ ჩვენი ამოცანა და გამარჯვება მოვიპოვეთ. რაც შეეხება წლევანდელ წელს, დებიუტანტები ვიყავით და მოახარული ვარ, რომ ჩემპიონები გავხდით. არ ველოდი საუკეთესო მოთამაშედ დასახელებას, ვფიქრობ, ჩემზე უკეთესებიც იყვნენ, მაგრამ შედეგმა გამოიწვია ეს ყველაფერი“.

მამუკა ამაშუკელი, არმია: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. პირველად ჩატარდა ეს ჩემპიონატი და პირველი გამარჯვებული ყოველთვის უფრო დასამახსოვრებელია. ემოციით სავსე ვართ ყველა. მოწინააღმდეგე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ჩემი აზრით, ძირითადი დროის დასრულების შემდეგ პენალტებში სურდათ თამაშის გადაყვანა, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა. გავიტანეთ ორი გოლი და გამარჯვებით დავასრულეთ ეს ტურნირი. მადლობელი ვარ ჯილდოს სახით შრომის დაფასებისთვის“.

თავდაცვის სამინისტროს გუნდი არმია მიმდინარე სეზონში მეგობრობის თასის გათამაშების ნახევარფინალშია და კიდევ ერთი ტიტულისთვის იბრძოლებს.

 



  © SBM, 2016-2024