სუპერლიგის საუკეთესო ნომინანტები!

ყველა სიახლე
18 აპრილი 2022

სუპერლიგის საუკეთესო ნომინანტები!

კავკასიის ავტოიმპორტმა 2021/22 წ.წ. სეზონი სუპერლიგის ჩემპიონობით დაასრულა. დრამატული ფინალი ძირითად დროში დაფიქსირებული 2-2-ის შემდეგ დამატებით ტაიმებში გადაიზარდა, რომელიც გოლის გარეშე დასრულდა და ჩემპიონი პენალტების სერიაში გამოვლინდა.

CAI-ის რიგებიდან ორივე გოლი ლაშა ჯოხაძის ანგრიშზეა. თითო ბურთი გაქვითეს გოჩა ჯიქიამ და შაკო ცირამუამ. პენალტების სერიაში სამ-სამი შედეგიანი დარტყმის შემდეგ სერია პირველ გაცუდებულ პენალტამდე გაგრძელდა. გურამ ჯიჯელავამ გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია და ავტოიმპორტი სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.

ფინალის შემდეგ სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეები გამოვლინდნენ. ნომინანტები კავკასიის ავტოიმპორტის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ და პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა დააჯილდოეს.

სუპერლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის საუკეთესო მეკარე გურამ ჯიჯელავა (CAI) გახდა. საუკეთესო მცველად ირაკლი ქარჩავა (პატრული) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ირაკლი გოგინაშვილს (დიპლომატ ჯორჯია) გადაეცა. საუკეთესო ასისტენტის ტიტული 6 შედეგიანი გადაცემით შაკო ცირამუამ (არმია) მოიპოვა. საუკეთესო თავდამსხმელი გოჩა ჯიქია (არმია) გახდა. საუკეთესო ბომბარდირი 9 გატნილი გოლით გიორგი მაჩხანელია (CAI). საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ზურაბ ლუკავას (CAI) გადაეცა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარებს:

გოჩა ჯიქია, არმია: „ძალიან საინტერესო თამაში იყო. ჩვენც და მეტოქე გუნდიც მთელი ჟინით ვთამაშობდით. სანახაობა იყო და ვფიქრობ, საუკეთესო ფინალი გამოვიდა. ვულოცავ კავკასიის ავტოიმპორტს ამ გამარჯვებას. არავის უყვარს წაგება, მაგრამ სამწუხაროდ მოხდა ასე, რომ პენალტებმა გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი. შესაძლებელი იყო მოგვეგო კიდეც ძირითად დროში, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ მომენტები“.

შაკო ცირამუა, არმია: „ფინალი შედგა. ისეთი თამაში იყო, როგორიც ფინალს შეეფერება. ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდი. იდეალური თამაში გამოვიდა. მოგებაც შეგვეძლო, უბრალოდ არ გაგვიმართლა. ანალოგიურად ძლიერი გუნდი იყო კავკასიის ავტოიმპორტი და ვულოცავ მოგებას. თანაბარი თამაში წავიდა, ორივეს გვქონდა მომენტები. დასანანი მარცხი იყო ჩვენთვის“.

გიორგი მაჩხანელი, CAI: „ჩვენმა გულშემატკივარმაც და ყველამ დაინახა, თუ როგორ იბრძოდა არმია, როგორი ჟინით იყვნენ გამოსულები, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. ჩემი აზრით, თანაბარი თამაში იყო. ასი პროცენტით ბრძოლა იყო დღეს. შარშან ფინალში წაგებით ყველა გულდაწყვეტილები ვიყავით და წელს გვინდოდა მაქსიმალურად დავხარჯულიყავით, რაც გამოგვივიდა. მეტი დრო დავუთმეთ ვარჯიშს. ჩვენი მიზანი დღეს მხოლოდ გამარჯვება იყო და ძალიან გახარებულები ვართ ყველა.  ჩვენს მეკარეს მადლობა უნდა გადავუხადო აუცილებლად, ასევე მწვრთნელს“.

გურამ ჯიჯელავა, CAI: „ფინალი იყო ძალიან დაძაბული. არმიას აპლოდისმენტები ჩვენგან, ძალიან მაგარი გუნდია. ბევრი მომენტი იყო. პენალტებამდე მივიდა საქმე, ეს უკვე ცოტა საფეხბურთო ლატარეაცაა. მოგერიებული პენალტის ემოციებს ვერ აღვწერ, თავად უნდა გამოსცადო ისეთია, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, პოზიტივით არის სავსე. მთლიანად სეზონი იყო ძალიან მაგარი. მინდა მადლობა გდავუხადო კავკასიის ავტოიმპორტს და ლიგის ორგანიზატორებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო გავძლიერდეთ“.



  © SBM, 2016-2024