ოქროს ლიგის საუკეთესო მოთამაშეები!

ყველა სიახლე
18 აპრილი 2022

ოქროს ლიგის საუკეთესო მოთამაშეები!

ბეთლაივმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ჩემპიონობა 2021/22 წ.წ. სეზონზე ოქროს ლიგაში იზეიმა. „ბუკმეიკერებმა“ ენერგო-პროსთან კარი მშრალად შეინახეს და მეტოქე 2-0 დაამარცხეს.

ბეთლაივი ოცდამეერთე წუთზე ავტოგოლით დაწინაურდა. გუნდებმა მეორე ნახევარში სახიფათო მომენტები გაცვალეს. დაძაბული შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ლუკა კაკაბაძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დასკვნითი მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ოქროს ლიგის საუკეთესო მოთამაშეები ბეთლაივის გენერალურმა დირექტორმა თემურ კოპალეიშვილმა და ენერგო-პრო ჯორჯიას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა დააჯილდოეს.

ოქროს ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის საუკეთესო მეკარე ოთარ წიკლაური (ბეთლაივი) გახდა. საუკეთესო მცველად ლევან ჩიხრაძე („უკრაინა“) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალის ჯილდო ერეკლე ხაჭვანს (ბეთლაივი) გადაეცა. შვიდი შედეგიანი გადაცემით საუკეთესო ასისტენტი ილია თოლორდავაა (ენერგო-პრო). საუკეთესო თავდამსხმელი გია ნინოშვილი (RS) გახდა. საუკეთესო ბომბარდირის ტიტული 7 გოლით ლაშა ნინიკაშვილმა (ენერგო-პრო) მოიპოვა.

ოქროს ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა კაკაბაძე (ბეთლაივი) დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარებს: 

ილია თოლორდავა, ენერგო-პრო: „ბეთლაივის ასპარეზობას ვაკვირდებოდით. დამსახურებულად მოვიდნენ ფინალამდე, იბრძოლეს და შესაბამისად, გაიმარჯვეს. ჩვენც კარგად დავიწყეთ სეზონი. დაგეგმილი როგორც გვქონდა, მოვედით იმ ეტაპამდე. ფინალი გადამწყვეტია, შანსები თანაბარია, შესაბამისად, ვისაც მეტად გაუმართლა, იმან გაიმარჯვა.დღეს გოლის გატანა ვერ შევძელით, მოწინააღმდეგე სრულიად მობილიზებული იყო. არ მოგვცეს ჩვენი შანსების გამოყენების საშუალება“.

ლაშა ნინიკაშვილი, ენერგო-პრო: „ძალიან კარგი თამაში გამოვიდა, ორივე გუნდმა მოვინდომეთ და სამართლიანად გაიმარჯვა მოწინააღმდეგემ, ძალიან ძლიერები იყვნენ. 

საკმაოდ ნაყოფიერი სეზონი იყო ჩვენთვის. მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ არაუშავს.შემდეგისთვის მოვემზადებით უკეთ. გადამწყვეტი ფაქტორი ალბათ ის იყო, რომ მეტოქემ მეტად მოინდომა და უფრო უნდოდა გამარჯვება“.

ოთარ წიკლაური, ბეთლაივი: „კროკობეთთან სეზონის პირველი თამაშის შემდეგ ინტერვიუში ვახსენე, რომ ჩვენთვის წარმატებული იქნებოდა წელი, თუ ჩემპიონის ტიტულს მოვიპოვებდით და ჩვენი მიზანი ეს იყო. მოვიგეთ თასი, გახარებულები ვართ ძალიან. ვულოცავ როგორც მოთამაშეებს, ასევე ბეთლაივს. ვეცდებით მომავალშიც შევინარჩუნოთ ეს სიძლიერე. ძალიან მაგარი სეზონი გამოვიდა, დაძაბული თამაშები იყო. დღესაც ბოლო წუთებამდე 1-0 იყო, ყველაფერი შეიძლებოდა თავდაყირა დაყენებულიყო და მოხარულები ვართ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ენეგო-პრო და ჩვენ თითქმის ერთი პერიოდიდან მოვდივართ ლიგაში, ორივე გუნდი ვვითარდებით. სასიხარულოა, როცა ფინალში გოლს არ უშვებ. მთლიანად სეზონში ცოტა გოლი გავუშვით და გუნდის გარეშე საუკეთესო მეკარეც ვერ გავხდებოდი“.



  © SBM, 2016-2024