საკვალიფიკაციო ლიგის საუკეთესო შვიდეული!

ყველა სიახლე
18 აპრილი 2022

საკვალიფიკაციო ლიგის საუკეთესო შვიდეული!

მეამა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის გამარჯვებულია. თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში მეამამ რუსთავის აზოტი მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა და პირველი ტიტული მოიპოვა.

მატჩი დაძაბული გამოდგა. მეთხუთმეტე წუთზე აზოტის მეკარემ, ნიკა ნაროზაშვილმა შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმა მოიგერია, მაგრამ ტაიმის დასრულებამდე მეამა მაინც დაწინაურდა. ჩემპიონის რიგებიდან გამარჯვების გოლი გიორგი ლუკავამ გაიტანა. მეორე ნახევარში მცდელობების მიუხედავად ანგარიში არ შეცვლილა და ფინალური დაპირისპირება 1-0 დასრულდა.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სეზონის საუკეთესო მოთამაშეები მეამას გენერალურმა დირექტორმა ლუკა კაპანაძემ და სააქციო საზოგადოება რუსთავის აზოტის დირექტორის მოადგილემ ლევან ბურდილაძემ დააჯილდოეს.

საკვალიფიკაციო ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის საუკეთესო მეკარე ნიკა ნაროზაშვილი (აზოტი) გახდა. საუკეთესო მცველად თორნიკე ჭიკაძე (მეამა) დასახელდა. საუკეთესო უნივერსალი გიორგი ლუკავაა (მეამა). საუკეთესო ასისტენტის ტიტული სამი შედეგიანი გადაცემით გიორგი კაკაბაძემ (ქარუ) მოიპოვა. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გიორგი ახვლედიანს (აზოტი) ერგო. საუკეთესო ბომბარდირი 9 გოლით ვალერი ზანგურია (ხალიკ ბანკი). სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი  გიგა ესიტაშვილი (მეამა) გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა ნაროზაშვილი, რუსთავის აზოტი: „დღევანდელი შეხვედრა კარგი იყო ჩვენთვისაც. მეამას ვულოცავ გამარჯვებას. არც ისე კარგად გამოგვივიდა თამაში, მაგრამ ყველაფერი წინ არის. მინიმალური სხვაობით დასრულდა შეხვედრა. ფეხბურთია და ვერ გაიგებ რა დროს რა მოხდება. ერთი შანსი გაქვს და უნდა გამოიყენო. საუკეთესო მეკარის ჯილდოს დიდად არც ველოდი, რადგან უფრო მოგებაზე ვიყავით ორიენტირებულები. გადართულები ვიყავით ძირითადად თამაშზე. მადლობელი ვარ ამ პრიზისთვის“.

გიორგი ახვლედიანი, რუსთავის აზოტი: „პირველად მივიღეთ ამ ტურნირში, მეგობრობის ლიგაში, მონაწილეობა. ძალიან კარგი ჩემპიონატი იყო. ჩემი აზრით, იდეალური სეზონი იყო.

ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გავედით, ფინალში ვითამაშეთ, თასზე ნახევარფინალში ვართ, რაც ახალი დაწყებული გუნდისთვის იდეალურია. პირადმა ჯილდომ ცოტა გაანელა ფინალში მარცხი, მაგრამ მაინც გუნდური მერჩივნა“.

თორნიკე ჭიკაძე, მეამა: „ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე იყო აზოტი. ჯგუფშიც ერთხელ მოვახერხეთ გამარჯვება, ერთხელ ფრე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ ჩვენი გუნდი იმსახურებს ჩემპიონობას. ყველა გუნდი კონკურენტუნარიანი იყო. ფინალია, დაძაბულობაა და ლოგიკურია ერთი ბურთის სხვაობით რომ დასრულდა. ნათელი იყო რომ აზოტი ჩვენთან ერთად გავიდოდა ფინალში. ვულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ეს მედლები არ იქნება ბოლო ჩვენთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი კომპანიის სახელით ჩავერთეთ ჩემპიონატში, რისთვისაც მადლობას ვუხდი მეამას მენეჯმენტს. ყველამ თავისი მაქსიმუმი გაიღო. გულშემატკივრებმაც ხალისი და მხნეობა შეჰმატეს თამაშს, დამატებით მოთამაშე იყო ჩვენთვის“.

 



  © SBM, 2016-2024