კავკასიის ავტოიმპორტი სუპერლიგის ჩემპიონია!

ყველა სიახლე
17 აპრილი 2022

კავკასიის ავტოიმპორტი სუპერლიგის ჩემპიონია!

სუპერლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის დრამატული და სანახაობრივი ფინალი კავკასიის ავტოიმპორტის ჩემპიონობით დასრულდა. დასკვნითი დაპირისპირება ძირითად დროში 2-2-ის შემდეგ დამატებით ტაიმებში გადაიზარდა და საბოლოოდ CAI-მ არმიასთან პენალტების სერიაში 5-4 იმარჯვა.

დაძაბულ ფინალში ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ლაშა ჯოხაძემ ავტოიმპორტი თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წამში დააწინაურა. არმიას რიგებიდან გოჩა ჯიქიამ წონასწორობა აღადგინა, რასაც ერთ წუთში შაკო ცირამუას გოლი მოჰყვა და „ძალოვნები“ წინ გავიდნენ. ტაიმის დასრულებამდე ლაშა ჯოხაძემ დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა (2-2). დამატებით დროში გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს, მაგრამ შედეგი ვერ შეცვალეს და ჩემპიონი პენალტების სერიაში გამოვილნდა.

სამ-სამი შედეგიანი დარტყმის შემდეგ სერია პირველ გაცუდებულ პენალტამდე გაგრძელდა. გურამ ჯიჯელავამ გადამწყვეტი დარტყმა მოიგერია და ავტოიმპორტი სუპერლიგის ჩემპიონი გახდა.

სუპერლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ზურაბ ლუკავა (CAI) დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ზურაბ ლუკავა, CAI: „იდეალური თამაში გამოვიდა. ძალიან დიდი დაძაბულობა იყო, შელაპარაკებებიც, რაც ფინალს უხდება. არმიას მადლობა ასეთი სანახაობისთვის. ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. მთლიანობაში ძალიან კარგი სეზონი გამოგვივიდა. გვინდოდა, წაუგებლად დაგვესრულებინა ჩემპიონატი, მაგრამ ერთი მარცხი გვქონდა, ამას გარდამტეხი როლი არ ჰქონია. ძალიან კმაყოფილი ვარ. პენალტების სერიაში გამარჯვება საოცარი ემოციაა. დიდი მუხტი და დაძაბულობა იყო. სადღაც იღბალზეც ხარ დამოკიდებული ამ დროს. ბოლოს მაინც ჩვენ გაგვიმართლა. მოხარული ვარ საუკეთესო მოთამაშის ჯილდოთი და ძალიან გამიხარდა“.

კავკასიის ავტოიმპორტისთვის სუპერლიგის თასი რიგით მესამეა. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ოთხწლიანი ასპარეზობის მანძილზე CAI-მ ჯერ საკვალიფკაციო ლიგა მოიგო, შემდეგ ვერცხლის ლიგა, გასულ სეზონში ოქროს ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა, წლენადელი სეზონი კი სუპერლიგაში ტრიუმფით დაასრულა.



  © SBM, 2016-2024