ბეთლაივმა სადებიუტო ჩემპიონობა ოქროს ლიგაში მოიპოვა!
ყველა სიახლეთბილისის სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის ოქროს ლიგის ფინალი გაიმართა. ბეთლაივმა ენერგო-პროსთან 2-0 იმარჯვა და ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.
დასკვნით მატჩში „ბუკმეიკერები“ ოცდამეერთე წუთზე ავტოგოლით დაწინაურდნენ. გუნდებმა მეორე ნახევარში სახიფათო მომენტები გაცვალეს. დაძაბული შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ლუკა კაკაბაძემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ბეთლაივმა პირველი ჩემპიონობა იზეიმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ლუკა კაკაბაძე, ბეთლაივი: „კარგად დავიწყეთ. ბევრი მომენტი გვქონდა და პირველივე ტაიმში შეგვეძლო ორი-სამი გოლის გატანა. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ვიმსახურებდით და ჩვენი დღე იყო. უფრო გაგვიმართლა. შეხვედრაში გადამწყვეტი მომენტი ალბათ მეორე გოლი იყო. საერთო ჯამში, კარგი სეზონი გამოვიდა, ოქროს ლიგის ჩემპიონები გავხდით. სუპერლიგის საგზური ვერ მოვიპოვეთ წელს, მაგრამ მაინც კარგი შედეგია. დღეს ჩვენ დაცვაში უკეთ ვითამაშეთ. მეტოქემ ნაკლები მომენტი შეგვიქმნა, რის ხარჯზეც მოვიგეთ“.
ოქროს ლიგის 2021/22 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშე ლუკა კაკაბაძე (ბეთლაივი) გახდა.