ევროპის უნივერსიტეტი ფუტსალის ლიგა 2-ის 1/2 ფინალშია!

ყველა სიახლე
16 აპრილი 2022

ევროპის უნივერსიტეტი ფუტსალის ლიგა 2-ის 1/2 ფინალშია!

თბილისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის განმეორებითი ¼ ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. ევროპის უნივერსიტეტმა გორთან მეორე მატჩშიც იმარჯვა, ანგარიშით 5-2 და ½ ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ილიაუნი 2-ს დაუპირისპირდება.

მატჩის პირველ ნახევარში EU ბადრი კალანდაძისა და თამაზ ვახანიას გოლებით დაწინაურდა. მეორე ტაიმის სტარტზე აკაკი ჯანელიძემ სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. მეოთხე გოლი კი გიორგი სვანიძემ გაიტანა. ნიკოლოზ სულთანიშვილმა და დავით ადუაშვილმა სხვაობა შეამცირეს, მაგრამ ოცდამეჩვიდმეტე წუთზე გიორგი ქურხულმა საბოლოო ანგარიში (5-2) დააფიქსირა და ევროპის უნივერსიტეტი ნახევარფინალში გავიდა, სადაც გასული წლის მსგავსად, კვლავ ილიაუნი 2-ს შეხვდება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბაკურ სანიკიძე, EU: „ვიცოდით, რომ მძიმე თამაში მოგვიწევდა. ანგარიშის მიუხედავად, არ იყო ისეთი თამაში რომ მარტივად მოვიგეთ. მწვრთნელის დავალებები მაქსიმალურად შევასრულეთ. იყო ხარვეზები, ვეცდებით შემდეგისთვის გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. დღევანდელ თამაშში გარდამტეხი მომენტი იყო მეორე გოლი, შემდეგ უფრო თავისუფლად ითამაშეს ბიჭებმა და შეძლეს ანგარიშის გამყარება. სამწუხაროდ, ილიაუნი 2 ჩვენთვის უხერხული მეტოქეა. დადებითი ბალანსი არ გვაქვს, ვეცდებით, რევანში ავიღოთ და ორივე თამაში მოვიგოთ“.

მეორე განმეორებით ¼ ფინალურ მატჩში თსუ 2 საქართველოს უნივერსიტეტს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024