ვერცხლის ლიგის საუკეთესო შვიდეული!

ყველა სიახლე
11 აპრილი 2022

ვერცხლის ლიგის საუკეთესო შვიდეული!

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ 10 აპრილს ვერცხლის ლიგის 2021/22 წწ. სეზონის ფინალურ დაპირისპირებას უმასპინძლა. დაძაბული პირველი ტაიმის შემდეგ ნიკორამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდთან უპირატესობა მოიპოვა, მეტოქე საბოლოოდ 4-1 დაამარცხა და გასულ სეზონში ბრინჯაოს ლიგის მოგების შემდეგ, წელს ვერცხლის ლიგის ჩემპიონობა იზეიმა.

მეთორმეტე წუთზე გამარჯვებული გუნდი გიორგი დვალმა დააწინაურა, ტაიმის დასრულებამდე სხვაობა ორამდე ნიკა ჯოლოხავამ გაზარდა. მეორე ნახევარში TTC-ს რიგებიდან ერთი ბურთი გიორგი ბერიშვილმა გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში ვიცე-ჩემპიონმა თამაშის ბედი ვერ შეცვალა და საკუთარ კარში გიორგი ღონღაძისგან კიდევ ორი გოლი მიიღო.

ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოებაში მონაწილეობა სააქციო საზოგადოება ნიკორა ტრეიდის აღმსარულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ მიიღო.

კომპანია ნიკორამ თავის გუნდს მიღწეული შედეგისთვის საჩუქრად 10 000 ლარი გადასცა.

ვერცხლის ლიგის საუკეთესო მეკარე ბექა სიბაშვილი (TTC) გახდა. საუკეთესო მცველის ჯილდო გიორგი ბერბიჭაშვილს გადაეცა (კროკობეთი). საუკეთესო უნივერსალად ირაკლი დევიძე (ნიკორა) დასახელდა. საუკეთესო ასისტენტი 3 შედეგიანი გადაცემით კოტე ოდიკაძეა. საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული ნიკა ჯოლოხავას (ნიკორა) ერგო. საუკეთესო ბომბრადირის წოდება 7 გატანილი გოლით რაფიკ მარგარიანმა (ფარვანა) მოიპოვა. ვერცხლის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი დვალი (ნიკორა) გახდა.
 
Sbm.ge გთავაზობთ ფინალის შემდგომ კომენტარებს:
 
კოტე ოდიკაძე, TTC: „ძალიან საინტერესო ჩემპიონატი იყო. მთელი ტურნირი ვცდილობდით სხვა გუნდებისთვის გაგვეწია წინააღმდეგობა. ფინალამდე მივაღწიეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არ გაგვიმართლა. კარგი თამაში იყო. ჩვენი მეგობრები არიან და ვულოცავ ჩემპიონობას. ვფიქრობ, ანგარიში არ ასახავდა მატჩის ხასიათს. 2-1-ის შემდეგ შეცდომა დავუშვით, წინ ვიყავით ძალიან ასულები და უკან სივრცეები დაგვრჩა, რითიც მეტოქემ ისარგებლა. სეზონით ბოლომდე კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგან ფინალი წავაგეთ, თუმცა ვიბრძოლებთ მომდევნო წლებშიც“.
 

ირაკლი დევიძე, ნიკორა: „ძალიან დაძაბული და კარგი თამაში იყო, როგორც ფინალს შეეფერება. ველოდით ასეთ წინააღმდეგობას. მიხარია,  რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა შეხვედრა. ფინალს თავისი დაძაბულობა ჰქონდა, გოლიც ჩვენი შეცდომის გამო გავუშვით. მერე ცოტა რთულია გადაწყობა, მოწინააღმდეგეც მონდომებული იყო, მაგრამ გავუძელით და საბოლოო ჯამში დასრულდა კიდეც ჩვენი გამარჯვებით“.

ნიკა ჯოლოხავა, ნიკორა: „ანგარიშით და ყველაფრით ძალიან დაძაბული ფინალი გამოვიდა. კარგად დავიწყეთ პირველი ტაიმი, ვაჯობეთ მეტოქეს. შევქმენით მომენტები და მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში, რაღაც პერიოდი ავირიეთ, მაგრამ ვიპოვეთ ძალა. გარდამტეხი მომენტი ალბათ მესამე გოლი იყო, რომელმაც თამაშზეც იმოქმედა. ვფიქრობ, დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ძალიან გახარებული ვარ პირადი ჯილდოთი. რაღაცას რომ აკეთებ და გიფასდება ამაზე კარგი არაფერია და დიდი მადლობა ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის“.

ნიკორა რიგით მეთორმეტე გუნდია, რომელიც ვერცხლის ლიგის ჩემპიონი გახდა.

 



  © SBM, 2016-2024