ბირნჯაოს ლიგის საუკეთესო მოთამაშეები!

ყველა სიახლე
11 აპრილი 2022

ბირნჯაოს ლიგის საუკეთესო მოთამაშეები!

10 აპრილს თბილსის ოლიმპიურ სასახლეში ბრინჯაოს ლიგის 2021/22 წწ. სეზონის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ავერსისა და ბანკი ქართუს დაძაბული დაპირისპირება ავერსის გამარჯვებით 2-1 დასრულდა და „ფარმაცევტებმა“ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ჩემპიონობა პირველად იზეიმეს.

ავერსი მეთორმეტე წუთზე წინ თორნიკე ბახტაძის გოლით გავიდა. მეორე ტაიმში წონასწორობა ნიკოლოზ თოდუამ აღადგინა. მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე გამარჯვების გოლი ზურაბ თარაშვილმა გაიტანა და ქართუ ზედიზედ მესამე ფინალში დამარცხდა.

დასკვნითი დაპირისპირების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმრთა. სეზონის საუკეთესო მოთამაშეებს პრიზები ავერსი ფარმას გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ და ბანკი ქართუს ოპერაციების დირექტორმა დავით გალუაშვილმა გადასცეს.

სეზონის საუკეთესო მეკარედ ზედიზედ მესამედ დავით ნიკოლაიშვილი (ქართუ) დასახელდა. ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო მცველი ერეკლე ლომიძე (ავერსი) გახდა. საუკეთესო უნივერსალის ტიტული ნიკოლოზ თოდუას (ქართუ) გადაეცა. სეზონის საუკეთესო ასისტენტი 3 საგოლე გადაცემით ლაშა გურგენიძე (ლიბერთი ბანკი) გახდა. საუკეთესო თავდამსხმელის ჯილდო იაკობ გოგოლაძემ (ქართუ) მიიღო. 8 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი ზურაბ თარაშვილია (ავერსი), რომელიც ასევე ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

Sbm.ge გთავაზოთ ფინალის შემდგომ კომენტარებს:

ერეკლე ლომიძე, ავერსი: „საინტერესო ჩემპიონატი იყო. ოთხი წელია ვთამაშობთ და ფინალამდე ვერ მივაღწიეთ. სულ რაღაცა გვაკლდებოდა, ხან არ გვიმართლებდა, ხან ბრძოლაში ვაგებდით. ეს სეზონი გავძლიერდით, რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ. ყველა დაძაბული თამაში გვქონდა. არავისთან არც ფავორიტი ვყოფილვართ და არც ცუდი გუნდის სტატუსით გავსულვართ. პენალტებშიც გაგვიმართლა. საბოლოოდ, ვფიქრობ მაინც ვიმსახურებდით. ბევრი ვიშრომეთ ჩემპიონობისთვის. საინტერესო ჩემპიონატია ზოგადად, დასაქმებული ხალხი თამაშობს, ლეგიონერებიც გვყავს და სულ კარგი თამაშებია. მსაჯებს ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში გარკვეული გაუგებრობებისთვის. სპორტული ცხოვრების წესს მივყვებით. პირადი ჯილდო, რაც მივიღე, მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. გუნდი თუ არ გყავს ისეთი, ხელი შეგიწყობს თავის გამოვლენაში, სხვანაირად ვერ მიიღებ პირად ჯილდოსაც. ამიტომ ჩემთვის ესეც გუნდურია“.

იაკობ გოგოლაძე, ქართუ: „საკმაოდ დაძაბული ფინალი იყო. ვაგებდით, მაგრამ შემოვატრიალეთ თამაში. ფსიქოლოგიურად წინ ვიყავით, ჩვენ ვუტევდით. ერთ გადამწყვეტ მომენტში ვერ გავიტანეთ და აქეთ მივიღეთ გოლი. უიღბლობის გარდა ვერაფერს დავაბრალებ, ყველანი ფორმაში ვიყავით. კმაყოფილი ვარ პირადი ჯილდოთი, მაგრამ რა თქმა უნდა, გუნდური მერჩივნა. 

მიუხედავად მარცხისა, გახარებული ვარ ამით. უნდა გამეტანა იმ გადამწყვეტ მომენტში გოლი და უფრო დავიმსახურებდი ალბათ. სეზონი ძალიან კარგი გამოვიდა. წელს ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ ისევდაისევ უიღბლობას ჰქონდა ადგილი, სამი ფინალი ზედიზედ არავის აქვს ალბათ წაგებული“.

ნიკოლოზ თოდუა, ქართუ: „დღევანდელი თამაში ავერსმა მეტ-ნაკლები უპირატესობით დაიწყო, მაგრამ შევძელით ძალების მობილიზება. ბოლო წუთებზე, როცა მოედანზე სათამაშო უპირატესობას ჩვენ ვფლობდით დასანანი გოლი გავუშვით. რამდენიმე წამით ადრე ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი შანსი და ვერ გამოვიყენეთ. რაც შეეხება ტურნირს, მესამედ გავედით ფინალში და ვერ გავტეხეთ ნავსი. ვფიქრობ, ვიმსახურებდით გამარჯვებას, ყველაზე ცუდ შემთხვევაში დამატებით დროს და პენალტების სერიას. იღბალზე ბევრი რამეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ავერსმაც დაიმსახურა, იბრძოლეს ბოლო წუთამდე. ჩვენი გუნდის ყველა წევრს და გულშემატკივარს მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ამ ტურნირის მოგებაზე მეტია და სპორტული ინტერესი გვაქვს. მინდა მადლობა გადავუხადო SBM-ს. დასასრულს დავამატებ - დიდება უკრაინას“.

 

 



  © SBM, 2016-2024