ნიკორას ზედიზედ მეორე ტიტული!
ყველა სიახლევერცხლის ლიგის 2021/22 წწ. სეზონის გამარჯვებული ნიკორა გახდა. გასულ წელს ბრინჯაოს ლიგაში ტრიუმფის შემდეგ ნიკორამ ზედიზედ მეორედ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს.
ფინალურ მატჩში ნიკორამ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი სამბურთიანი უპირატესობით 4-1 დაამარცხა და თასი აღმართა. მეთორმეტე წუთზე გამარჯვებული გუნდი გიორგი დვალმა დააწინაურა, ტაიმის დასრულებამდე სხვაობა ორამდე ნიკა ჯოლოხავამ გაზარდა. მეორე ნახევარში TTC-ს რიგებიდან ერთი ბურთი გიორგი ბერიშვილმა გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში ვიცე-ჩემპიონმა თამაშის ბედი ვერ შეცვალა და საკუთარ კარში გიორგი ღონღაძისგან კიდევ ორი გოლი მიიღო.
ვერცხლის ლიგის 2021/22 წწ. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი დვალი დასახელდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი დვალი, ნიკორა: „მოგეხსენებათ, შარშან დებიუტანტები ვიყავით, ბრინჯაოს ლიგის ფინალში გავედით და მოვიგეთ. ჩვენი სურვილი იყო მეორე წელსაც მიგვეღო მონაწილეობა. დიდი შრომის შედეგად ისევ გავედით ფინალში. იყო ბევრი შეცდომა და ნიუანსი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მივაღწიეთ ჩვენს მიზანს, რაც გეგმაში გვქონდა. გუნდი ვითარდებოდა. ეტაპობრივად ვიზრდებოდით. მადლობა ორგანიზატორებს და მადლობა ნიკორას, რომ გვეძლევა საშუალება, ვითამაშოთ ეს ტურნირი. ჩემპიონის ტიტული დავიცავით. ვფიქრობ, ღირსეულად წარმოვაჩინეთ ჩვენი თავი. TTC ჩვენზე მეტად გამოცდილი გუნდია, ჩემპიონატში მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ ალბათ მეტი მუშაობით ვაჯობეთ. მეტი მომენტი გვქონდა და გამოვიყენეთ, რაც აისახა შედეგში.
რაც შეეხება პირად ჯილდოს, ყველას აქვს იმის მოტივაცია და სურვილი, რომ ჩემპიონატში თავი გამოიჩინოს. იმდენად ემოციური და მოულოდნელი იყო ჩემთვის, სიხარული კარგად ვერც გამოვხატე“.