რეგულარული სეზონის დასკვნით მატჩში ქუთაისმა იმარჯვა!

ყველა სიახლე
09 აპრილი 2022

რეგულარული სეზონის დასკვნით მატჩში ქუთაისმა იმარჯვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის რეგულარული ეტაპის დასკვნით მატჩში ქუთაისმა საქართველოს უნივერსიტეტს უმასპინძლა და კომფორტული სხვაობით 9-4 იმარჯვა.

შეხვედრის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა. UG საწყის რვა წუთში წინ ორი ბურთით გავიდა, მაგრამ პირველი ტაიმის დასრულებამდე უპირატესობა გაფლანგა. „სტუდენტებმა“ თამაშში ორჯერ აღადგინეს წონასწორობა (3-3, 4-4), მაგრამ ოცდამეცამეტე წუთიდან „იმერლები“ წინ გავიდნენ და საბოლოოდ სხვაობა ხუთ ბურთამდე გაზარდეს. გამარჯვებული გუნდიდან სამი გოლი ბექა ტუღუშის სახელზეა, დუბლი გაიფორმა ბაკურ გულუამ.

ოცდაერთი ტურის შემდეგ პირველი ადგილი ქუთაისმა დაიკავა, მეორე - ილიაუნი 2-მა. ამ შედეგით გუნდებმა პირდაპირ 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემპიონატს გამოეთიშა. დარჩენილი გუნდები პლეი-ოფში იბრძოლებენ, სადაც ევროპის უნივერსიტეტისა და გორის წყვილის გამარჯვებული ილიაუნი 2-ს შეხვდება, თსუ 2-სა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის საუკეთესო კი ქუთაისს დაუპირისპირდება. პლეი-ოფის შეხვედრები ორ მოგებამდე გაგრძელდება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

სპარტაკ ლომიძე, UG: „მიუხედავად ანგარიშისა, დაძაბული თამაში გვქონდა. ტაქტიკური შეცდომები დავუშვით, მაგრამ მიზანი იყო გამოგვეცადა ჩვენი თავი, რადგან ამ მატჩს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს ყველაფერი ანგარიშზეც აისახა. მთელი სეზონი დაძაბული იყო. ბევრი თამაში გვქონდა მოსაგები, ბევრჯერ არ გაგვიმართლა, მაგრამ შემდეგში ვეცდებით გავამართლოთ იმედები. თსუ 2 საკმაოდ ძლიერი გუნდია, ვფიქრობ, ცხრილშიც უფრო წინ უნდა ყოფილიყვნენ. ყველასთან შეგვიძლია კონკურენცია და მაქსიმუმს ვეცდებით“.

ირაკლი გვეტაძე, ქუთაისი: „მთელი რეგულარული სეზონის განმავლობაში, შეძლებისდაგვარად, ვემზადებოდით. მივაღწიეთ იმ მაქსიმალურ შედეგს, რაც შეგვეძლო დარბაზის პირობებიდან  და გარემოებიდან გამომდინარე. მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. ვულოცავ ჩემს გუნდს რეგულარული სეზონის ჩემპიონობას. საქართველოს უნივერსიტეტი კარგი გუნდია, კიდევ უფრო შეთამაშდნენ და უკეთ ასპარეზობაც შეუძლიათ. კმაყოფილი ვართ დღევანდელი თამაშით. UG-სთან და თსუ-სთანაც დადებითი ბალანსი გვაქვს. არ აქვს დიდი მნიშვნელობა რომელი შეგვხვდება. ნახევარფინალში 50/50-ზეა შანსები და შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს“.

ფუტსალის ლიგა 2-ის 1/4 ფინალური შეხვედრები  13, 16 და 18 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024