ფუტსალის ლიგა 2-ში 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
09 აპრილი 2022

ფუტსალის ლიგა 2-ში 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის წრიული ეტაპის დასკვნითი ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ევროპის უნივერსიტეტისა და თსუ 2-ის სანახაობრივი მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილში ყველაფერი გაირკვა.

„სტუდენტურ დერბიში“ EU მეხუთე წუთზე ბადრი კალანდაძემ დააწინაურა, ტაიმის დასრულებამდე თორნიკე კვიტატიანმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ თსუ-მ ანგარიშის შენარჩუნება ბოლომდე ვერ შეძლო. საფინალო სირენამდე ორმოცი წამით ადრე კახაბერ გოგოხიამ გამარჯვების გოლი გაიტანა და ევროპის უნივერსიტეტმა 2-1 იმარჯვა.

ამ მოგებით EU-მ მეტოქეს ცხრილში მესამე პოზიცია წაართვა და 1/4 ფინალში გორს შეხვდება. თსუ 2 კი საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.

ოცდამეერთე ტური აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნი 2-ის დაპირისპირებით დაიწყო. ილიაუნიმ აწსუ 6-3 დაამარცხა, სატურნირო ცხრილში საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავა და ქუთაისთან ერთად 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრაში ჰეთ-თრიკით და ერთი საგოლე გადაცემით ნიკოლოზ ბოლქვაძე გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ჯოხაძე, თსუ2: „ისე გამოვიდა, რომ წლევანდელ სეზონში ევროპა ჩვენთვის უხერხული მეტოქე გამოდგა. დღესაც არ იყო წასაგები თამაში, მაგრამ ჩვენი შეცდომები იყო. ორჯერ ასხლეტით გავიდა გოლი. ჩემი აზრით, უფრო გამოცდილმა გუნდმა მოიგო. პლეი-ოფები წინ არის. შედარებით მძიმე ბადე შეგვხვდა. საქართელოს უნივერსიტეტი მძიმე მეტოქეა, ახალგაზრდული გუნდია და ამასთანავე, გამოცდილი მოთამაშეებიც ჰყავთ. ძნელი იქნება 1/4 ფინალური სერიის მოგება, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ სეზონი ჩემპიონობით დავასრულოთ“.

კახაბერ გოგოხია, EU: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიყავით, რათა ერთი საფეხურით მაღლა დაგვესრულებინა ჩემპიონატი. ჩავარდნების შემდეგ ჰაერივით გვჭირდებოდა ეს მოგება. ცუდი სერია გვქონდა - რაღაც შეხვედრები წავაგეთ, ზოგში კი ქულები დავკარგეთ. თსუ ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია და დღეს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში დავამარცხეთ. ბოლოს ისეთი გოლი გავიტანეთ, ფაქტობრივად, გამართლება იყო. შემდეგი თამაში მოგვიწევს გორთან. რევანში გვაქვს ასაღები, რადგან პირველი შეხვედრის შემდეგ, ორჯერ ზედიზედ წავაგეთ. უფრო სასრუველი ჩვენთვის მაინც გორი იყო, რადგან UG-სგან განსხვავებით ერთი მატჩი მაინც გვაქვს მოგებული. ვეცდებით ფინალში გავიდეთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონი ადგილობრივი ქუთაისისა და საქართველოს უნივერსიტეტის დაპირისპირებით დასრულდება.  



  © SBM, 2016-2024