დაძაბული "სტუდენტური" დერბი ფრედ დასრულდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეოცე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
საქართველოს უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის დაძაბული დაპირისპირება ფრედ 3-3 დასრულდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მერვე წუთზე EU დაწინაურდა, მაგრამ UG-მ მალევე აღადგინა წონასწორობა და ტაიმის დასრულებამდე წინ გავიდა (2-1). თამაშის ბოლო წუთზე ევროპის უნივერსიტეტმა ანაგრიში გაათანაბრა, მალევე ავტოგოლით UG კვლავ წინ გავიდა (3-2), მაგრამ გიორგი ქურხულმა საფინალო სირენამდე ქულა გადაარჩინა (3-3). ამ შედეგით EU-სთვის UG მიმდინარე სეზონში კვლავ ერთადერთ დაუმარცხებელ მეტოქედ რჩება.
რეგულარული სეზონის ბოლოს წინა ტური თსუ 2-ისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატჩით დაიწყო. თსუ 2-მა კარი მშრალად შეინახა, მეტოქე მარტივად დაამარცხა, ანგარიშით 7-0 და ცხრილში მეორე ადგილზე გასვლის შანსი შეინარჩუნა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ქურხული, EU: „რთული თამაში იყო და არც გამკვირვებია. მთელი სეზონია UG ყველა გუნდთან ბოლომდე იხარჯება. ძალიან მაგარი მატჩი გამოდგა. ბოლო წამზე მაინც გავათანაბრეთ და სამი ქულა არ დავუთმეთ მოწინააღმდეგეს. წელს მოგება არ გვაქვს მათთან და ეს ალბათ პირველ რიგში იმიტომ, რომ კარგი გუნდია, ასევე უხერხული მეტოქეა ჩვენთვის და თუ მეოთხედფინალშიც მათ შევხვდებით, იქაც კარგი თამაშები გველის“.
რამინ ბერაია, UG: „ევროპის უნივერსიტეტთან ჩვენი ყოველი თამაში ძალიან დაძაბული და დრამატულია. ეს მატჩიც ასეთი გამოდგა. ახლოს ვიყავით სამ ქულასთან. ბოლო წამებზე გავუშვით გოლი, მაგრამ ეს არაფერს წყვეტს, ჩვენ პლეი-ოფისთვის ვემზადებით ახლა და იქ უკეთ გამოვიყენებთ შანსებს, რაც დღეს თამაშზე ვერ შევძელით და გადაწყვიტა კიდეც გამარჯვება-არ გამარჯვების ბედი. ზოგადად, ჩვენი გუნდის ძალიან დიდი სენია კონცენტრაციის დაკარგვა, რადგან თუ გადავხედავთ განვლილ მატჩებს, გატანილი გოლის შემდეგ მალევე ვუშვებთ ჩვენს კარშიც“.
მეოცე ტურის დასკვნით მატჩში ილიაუნი 2 გორს ეთამაშება.