ილიაუნი 1/2 ფინალის საგზურს მიუახლოვდა!

ყველა სიახლე
31 მარტი 2022

ილიაუნი 1/2 ფინალის საგზურს მიუახლოვდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეთვრამეტე ტურის ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს 1/2 ფინალის დარჩენილი საგზურისთვის მებრძოლი უშუალო კონკურენტები ილიაუნი 2 და თსუ 2 დაუპირისპირდნენ.

დაძაბული მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. ილიაუნი მეთვრამეტე წუთზე საბა მაჩიტიძემ დააწინაურა. თსუ-მ მეორე ტაიმის სტრატზევე გეგა კოშაძის გოლით გაათანაბრა ანგარიში, შალვა ცხადაძემ კი გუნდი წინ გაიყვანა. მალევე გაიოზ ლაგაზაშვილმა წონასწორობა აღადგინა, რაც სახიფათო მომენტების მიუხედავად, საბოლოო ანგარიში აღმოჩნდა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტური დარჩა. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ქუთაისმა წრიული ეტაპის პირველობა გაინაღდა. მეორე ადგილისთვის ბრძოლას კი გუნდები ჯერ კიდევ განაგრძობენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

შალვა ცხადაძე, თსუ2: „ვიცოდით, როგორ ღირსეულ მეტოქესთანაც გვქონდა საქმე. ვიცოდით, რომ არ იქნებოდა მარტივი არათუ გამარჯვება, არამედ თამაში. საბოლოო ჯამში, პირველ ტაიმში, ვფიქრობ, რომ მათი მომენტების მიუხედავად ჩვენ მაინც ვაჯობეთ რაღაც მხრივ, ვერ გამოვიყენეთ უბრალოდ შანსები. დასანანი შეცდომა დავუშვით და საკუთარ კარში მივიღეთ გოლი, რამაც ცოტა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოგვაქცია. მეორე ტაიმის დასაწყისში მყისვე შევძელით თამაშში დაბრუნება, მიგვყავდა კიდეც ანგარიში, მაგრამ კიდევ ერთი დასანანი შეცდომა დავუშვით. ამით არაფერი დასრულებულა, ჩვენ საჩემპიონო ბრძოლაში ბოლომდე დავრჩებით“.

ნიკოლოზ ბოლქვაძე, ილიაუნი2: „კარგი თამაში იყო. ორივე გუნდს გვჭირდებოდა ქულები და ვიბრძოლეთ. ფრეზე მეორე ადგილი 99 პროცენტით გავიმყარეთ. ბოლო ორი თამაში დაგვრჩა, რომელსაც მოვიგებთ და პირდაპირ 1/2 ფინალში გავალთ. ერთი მატჩი გორთან გვექნება, რომელთანაც დაძაბული თამაშები გვქონდა. ქულების დაკარგვის უფლება არ გვაქვს. მომენტები გვქონდა და შეგვძელო მოგვეგო, მაგრამ არაფერი დაგვითმია ორივე გუნდს“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეოცე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 4 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024