ილიაუნი 2-მა UG-სთან მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმა!

ყველა სიახლე
30 მარტი 2022

ილიაუნი 2-მა UG-სთან მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეჩვიდმეტე ტურის გადადებული შეხვედრები გაიმართა. ილიაუნი 2 საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა, დაძაბულ მატჩში 5-3 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიბრუნა.

ილიაუნიმ საწყის თოთხმეტ წუთში ოთხბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. ტაიმის დასრულებამდე UG-მ ორი ბურთი გაქვითა. ოცდამესამე წუთზე ნიკა ფანცულაიამ დუბლი გაიფორმა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში მეტოქეს ვერ დაეწია და საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი მიიღო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საბა მაჩიტიძის ანგარიშზე ჰეთ-თრიკი და ორი საგოლე გადაცემაა, რომელიც ნიკოლოზ ბოლქვაძემ გამოიყენა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენატრებს:

ნიკა ფანცულაია, UG: „ძალიან რთული თამაში იყო. თავიდან ძალიან ცუდად დავიწყეთ, არ ველოდით და ეს შედეგზეც აისახა. დაბნეულობა შეინიშნებოდა. შემდეგ შევეცადეთ ამოგვექაჩა, წამოვეწიეთ კიდეც მეტოქეს, მაგრამ რაღაცით გვაჯობეს. თამაში, ჩემი აზრით, თითქმის თანაბარი იყო. ვფიქრობ, არ გვეკუთვნოდა წაგება. ცხრილში ისეთი არეული სიტუაციაა, მოსაგებად ვიყავით გამოსულები, გვინდოდა მაქსიმალური ქულები მოგვეპოვებინა, რათა ჩვენთვის პლეი-ოფი უფრო მარტივი ყოფილიყო“.

საბა მაჩიტიძე, ილიაუნი2: „კარგი თამაში იყო და მოწინააღმდეგეს მადლობა. პირველივე წუთებზე ორი გოლი გავიტანეთ, რასაც კარგი ეფექტი ჰქონდა. შემდეგ მოვდუნდით და დაიძაბა თამაში, რაც არ გვაწყობდა. ორიენტაცია დავკარგეთ, დაცვაში ცუდად ვითამაშეთ და შესაბამისად, დავისაჯეთ. მეკარის შეცდომებსაც ჰქონდა ადგილი, გამოუცდელია, მაგრამ გამოსწორდება ეს. შემდეგი თამაშისთვის ცოტა დრო გვაქვს, რომ დავისვენოთ, პრინციპული მეტოქეა თსუ. მეორე ადგილი გვინდა დავიკავოთ და იქაც მოსაგებად გამოვალთ“.

მეჩვიდმეტე ტურის მეორე გადადებულ შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დიდი ანგარიშით 13-3 მოიგო. აკაკი ჯანელიძემ მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდი დაამყარა, მან მეტოქის კარის აღება შვიდჯერ შეძლო, რაც საუკეთესო შედეგია. 

31 მარტს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კიდევ ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართება, სადაც ილიაუნი 2 თსუ 2-ს დაუპირისპირდება. 



  © SBM, 2016-2024