მეგობრობის თასის ყველა 1/4 ფინალისტი ცნობილია!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის მეგობრობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური შეხვედრები გაიმართა.
დასკვნით მატჩში ელპოზო ქარუს დაუპირისპირდა და ბოლო წამებზე გაშვებული გოლით 2-3 დამარცხდა. დავით საღარაძემ ელპოზო მეორე წუთზე დააწინაურა, მალევე გიორგი კაკაბაძემ ანგარიში გაათანაბრა. მეთვრამეტე წუთზე საბა თვალავაძემ ქარუ წინ გაიყვანა. შეხვედრაში მეორედ წონასწორობა ავტოგოლით აღდგა. საფინალო სირენასთან ერთად საბა თვალავაძემ დუბლი გაიფორმა და ქარუმ მეოთხედფინალის დარჩენილი საგზური მოიპოვა.
1/8 ფინალის სხვა შეხვედრაში „უკრაინამ“ კროკობეთთან 2-1 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გათამაშების მოქმედ გამარჯვებულს, დიპლომატ ჯორჯიას, დაუპირისპირდება. მეთოთხმეტე და ოცდამეთერთმეტე წუთებზე ლევან ჩიხრაძის გატანილი გოლებით „უკრაინა“ თამაშს იგებდა. დარჩენილ დროში სხვაობა ავტოგოლით შემცირდა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე კროკომ წონასწორობა ვერ აღადგინა და სეზონი ტიტულის გარეშე დაასრულა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
დიმიტრი მაყიშვილი, „უკრაინა“: „საკმაოდ ტიტულოვან მეტოქესთან გვქონდა თამაში. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა შეხვედრა. ჩვენ კონტრშეტევებზე ავაგეთ მთელი მატჩი და ამან შედეგიც გამოიღო. მეტოქეს ალბათ უფრო დაცვაში თამაშით ვაჯობეთ და წინ შეტევაში მომენტების რეალიზების დროს, ჩვენ უფრო მეტად გაგვიმართლა, ვიდრე კროკობეთს. შარშანდელი თასის გამარჯვებულს ვხვდებით მეოთხედფინალში, ძალიან რთული თამაში გველის წინ და ხვალიდან უკვე დავიწყებთ დიპლომატ ჯორჯიას წინააღმდეგ მოსამზადებელ პერიოდს“.
მეგობრობის თასის 1/4 ფინალური წყვილები ასე გამოიყურება: რუსთავის აზოტი - McGill; არმია - ქარუ; დიპლომატ ჯორჯია - უკრაინა; შემოსავლების სამსახური - პატრული.