რუსთავის აზოტი #FriendsCup-ის 1/4 ფინალში ითამაშებს!
ყველა სიახლემეგობრობის თასის გათამაშება ბაქსვუდისა და რუსთავის აზოტის დაპირისპირებით გაგრძელდა.
დაძაბულ მატჩში აზოტმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, გამარჯვების გოლი საფინალო სირენასთან ერთად გაიტანა და ¼ ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ბაქსვუდი პირველ ტაიმში თენგიზ უგრეხელიძისა და დავით ლომაიას გოლებით დაწინაურდა. მეორე ნახევარში ორივე ბურთი გიორგი ხომასურიძემ გაქვითა, გიორგი ახვლედიანის ბოლო წამზე გატანილი გოლით კი აზოტმა შეხვედრა 3-2 მოიგო და ½ ფინალში გასასვლელად McGill-ს დაუპირისპირდება.
თასის სხვა შეხვედრაში დიპლომატ ჯორჯიამ NS Studio-ს 5-1 მოუგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. ირაკლი გოგინაშვილი გუნდს გამარჯვებაში სამი გოლით დაეხმარა, ჯაბა ხანიაშვილმა დუბლი გაიფორმა. დიპლომატის მეტოქე ¼ ფინალში „უკრაინასა“ და კროკობეთს შორის გამოვლინდება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ალექსანდრე ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ. პირველ ტაიმში ჩვენ მიგვყავდა თამაში, მეორეში, სამწუხაროდ, ის ორბურთიანი უპირატესობა, რომელიც მოვიპოვეთ, ხელიდან გავუშვით. უკვე მეორე თამაშია ბოლო წამზე ვუშვებთ გოლს, რაც ერთის მხრივ, არ მინდა ასაკს დავაბრალო, რადგან გრანდ ლიგის გუნდი ვართ, თუმცაღა ალბათ კონცენტრაციის ნაკლებობის ბრალია ნამდვილად. ამ ვითარებას გავითვალისწინებთ და გრანდ ლიგის ½ ფინალისთვის მოვემზადებით. მოწინააღმდეგეს მადლობა საინტერესო თამაშისთვის“.
გიორგი ხომასურიძე, აზოტი: „ძალიან კარგი თამაში იყო. მეორე გუნდიც კარგად გამოიყურებოდა. ორივემ ვიბრძოლეთ. ცოტა იღბალიც გადმოიხარა ჩვენსკენ. ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ და ქამბექი გამოგვივიდა. გამოუცდელი გუნდი ვართ, მაგრამ ვიბძოლებთ ¼ ფინალშიც“.
მეგობრობის თასის დარჩენილი 1/8 ფინალები დღის ბოლომდე გაიმართება.