თსუ 2 ცხრილში მეორე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს!

ყველა სიახლე
26 მარტი 2022

თსუ 2 ცხრილში მეორე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს!

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეცხრამეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

დაძაბული გამოდგა თსუ 2-ისა და გორის დაპირისპირება, რომელშიც “სტუდენტებმა“ 6-4 იმარჯვეს. მეთექვსემეტე წუთიდან გორელები მეტოქეს 2-1-ს უგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში თსუ-მ სამწუთიან ინტერვალში შეძლო თამაშის შემოტრიალება და კომფორტული უპირატესობის მოპოვება. დარჩენილ დროში გორმა ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, მაგრამ საბოლოოდ ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა. თსუ-ს რიგებიდან ჰეთ-თრიკი თორნიკე კვიტატიანმა გაიფორმა.

ამ მოგებით თსუ 2-მა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა და მიმდინარე მონაცემებით ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. გორმა კი მეორე ადგილზე გასვლის შანსები დაკარგა და პლეი-ოფში ითამაშებს. 

ტურის სასტარტო მატჩში საქართველოს უნივერსიტეტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კომფორტული ანგარიშით 6-1 დაამარცხა. პირველი ტაიმი UG-მ მინიმალური სხვაობით (2-1) მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში უპირატესობა მოიპოვა და ბოლო ოთხ წუთში მეტოქეს სამი გოლი გაუტანა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გაიფორმეს ნიკა ფანცულაიამ და რამინ ბერაიამ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თორნიკე კვიტატიანი, თსუ2:„ცოტა დიდი პაუზა გვქონდა. ხარისხიან ვარჯიშსაც ვერ ვახერხებდით და ეს ფიზიკურად საკმაოდ დაგვეტყო. მოუმზადებლები შევხვდით მატჩს. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ მოვინდომეთ, ცოტა გაგვიმართლა კიდევაც და გამარჯვებას მივაღწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან მეორე ადგილისთვის ვიბრძვით და გვინდა პირდაპირ 1/2 ფინალის საგზური მოვიპოვოთ. დღეს გადამწყვეტი ალბათ მეკარის გოლი იყო (2-2) მოწინააღმდეგის კარში საკუთარი ნახევრიდან. ამ მომენტში მივხვდით, რომ შეგვეძლო თამაშის მოგება“.

დავით ტლაშაძე, გორი: „ჩემპიონატი ისეთ ფაზაშია შესული, ყველა ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ბოლო ორი თამაშია ვერ გამოვიყენეთ. ამას ჩვენ ფიზიკურ კონდიციებს დავაბრალებდი. დასანანია, რომ ეს ქულები ვერ მოვიპოვეთ. პირდაპირ ნახევარფინალის საგზური, პრაქტიკულად, დავკარგეთ. ვემზადებით უკვე პლეი-ოფისთვის. ვეცდებით ძალები მოვიკრიბოთ, რათა 1/2 ფინალში ვითამაშოთ“.

ტურის დასკვნით მატჩში ადგილობრივი ქუთაისი ევროპის უნივერსიტეტს ეთამაშება.



  © SBM, 2016-2024