მფკ ტატიშვილმა, რეგულარულ სეზონში პირველობა ფაქტიურად გაინაღდა

ყველა სიახლე
30 აპრილი 2017

მფკ ტატიშვილმა, რეგულარულ სეზონში პირველობა ფაქტიურად გაინაღდა

ბათუმური სტარტის შემდეგ, 28 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის XVI ტურის დასკვნითი შეხვედრები გაიმართა.

თბილისური სათამაშო დღე, რომლის მთავარი მოვლენაც ლიდერების დაპირისპირება იყო, ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სენსაციით დაიწყო. სატურნირო ცხრილის სამეულში მყოფი მფკ აგორა, გათამაშების აუტსაიდერს იბსუ-ს დაუპირისპირდა და დრამატულ ბრძოლაში, მნიშვნელოვანი სამი ქულა დაკარგა. ერთი შეხედვით შეხვედრა აგორას ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა „სტუდენტებმა“ მატჩის განმავლობაში სამჯერ (!!!) შეძლეს ორ ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმეს - 7:6. განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის ბოლო 30 წამი აღმოჩნდა, რა დროშიც ჯერ აგორა გავიდა ერთი ბურთით წინ, ხოლო შემდეგ, იბსუ-ს ლიდერმა გურამ მამაცაშვილმა 6 წამიანი ინტერვალით, ჯერ 10 მეტრიანი დარტყმით შეძლო ანგარიშის გათანაბრება, ხოლო შემდეგ ხუთი ფეხბურთელით შეტევაზე მყოფი მეტოქე, საკუთარი ნახევრიდან ზუსტი დარტყმით უქულოდ დატოვა. აგორას რიგებში გია ნიკვაშვილის ოთხ გატანილ გოლს, ამდენივეთი იბსუ-ს  კაპიტანმა ვატო მჟავანაძემ უპასუხა. ამ წაგების შემდეგ, აგორას სამეულში მოსახვედრად საკმაო ოფლის ღვრა მოუწევს, ვინაიდან დარჩენილ ორ ტურში უშუალო კონკურენტებს მფკ მგლებს და დინამო ბათუმს ეთამაშება.

მოლოდინისამებრ, საინტერესო გამოდგა ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს გათამაშების ორი ფავორიტი, მფკ ტატიშვილი და სტუ-თელასი დაუპირისპირდნენ. „ენერგეტიკოსებისთვის“ ეს იყო ფაქტიურად ბოლო შანსი, რომ სატურნირო ცხრილში პირველი ადგილისათვის და რეგულარული სეზონის გამარჯვებულის ტიტულისთვის ებრძოლათ, რისთვისაც მათ ამ მატჩში აუცილებელი სამი ქულა ესაჭიროებოდათ.

ანგარიში მე-10 წუთზე ტატიშვილის ფეხბურთერლებმა გახსნეს, ბუთა კაკაბაძის დარტყმას ლევან გაბუჩიამ ვერაფერი დაუპირისპირა, თუმცა მალევე „მედიკოსთა“ დაცვის უხეში შეცდომით, ლაშა ცნობილაძემ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ისევე როგორც პირველ ტაიმში, მეორე ნახევარშიც ორივე გუნდის კართან მრავლად იქმნებოდა სახიფათო მომენტები და ორივე შემთხვევაში მეკარეები იყვნენ უფრო ხშირად მოწოდების სიმაღლეზე. თუმცა ყაიმით დასრულებული ტაიმის შემდეგ, დასკვნით 20 წუთში უფრო დამაჯერებლები და ზუსტები ტატიშვილის ფეხბურთელები აღმოჩნდნენ -  23-ე წუთზე დავით ბობოხიძემ დააწინაურა თავისიანები, ხოლო 37-ე წუთზე შოთა ჭანუყვაძემ საბოლოო ანაგარიში დააფიქსირა - 3:1. დარჩენილ ორ ტურში ალე ძაბირაძის შეგირდებს, ერთი ქულაც ყოფნით, რომ პლეი-ოფში პირველი ადგილიდან ითამაშონ, რაც თავისთავად მხოლოდ დროის და ფორმალობის ამბავია.

28.04.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. XVIტური

 მფკ აგორა - მფკ იბსუ 6:7 (2:1)

გოლები: 03:58’ ნიკვაშვილი (1:0), 06:39’ ნიკვაშვილი (2:0), 16:45’ ი.მამაგულაშვილი (2:1), 22:48’ მჟავანაძე (2:2), 27:09’ ნიკვაშვილი (3:2), 29:24’ ნიკვაშვილი (4:2), 30:50’ მჟავანაძე (4:3), 34:27’ ალავიძე (5:3), 36:00’ მჟავანაძე (5:4), 38:17’ მჟავანაძე (5:5), 39:32’ ნინოშვილი (6:5), 39:42’ მამაცაშვილი 10მ (6:6), 39:48’ მამაცაშვილი (6:7)

 

მფკ სტუ-თელასი - მფკ ტატიშვილი 1:3 (1:1)

გოლები:  09:29’ კაკაბაძე (0:1), 11:09’ ცნობილაძე (1:1), 22:46’ ბობოხიძე (1:2), 36:22’ ჭანუყვაძე (1:3)

გაფრთხილება: 14:07’ კობაიძე (ტატ), 15:24’ ჭუმბურიძე (თელ), 32:13’ თოფურია (თელ), 33:07’ ბობოხიძე (ტატ)

 

ბომბარდირები:  სერგი მაჭარაშვილი (მგლები) – 31, ლაშა სიგუნავა (ტატიშვილი) – 29, ზურაბ ლუკავა (ტატიშვილი), არმენ გალოიანი (დინამო) - 22

 

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სილკ უნივერსალი, სპორტული ბრენდი „SALLER”, “წყალი მარგებელი“, იურიდიული ჯგუფიერისთავი და პარტნიორები“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი

მედია პარტნიორები: რადიოები, “თანამგზავრი 92,3“, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge,  გაზეთილელოდა სპორტული ჟურნალიათიანი“.

 

სპორტული სააგენტო SBM-ისპრესსამსახური / sbm.ge



  © SBM, 2016-2024