გორმა EU-ს გადაასწრო და ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა!

ყველა სიახლე
09 მარტი 2022

გორმა EU-ს გადაასწრო და ცხრილში მესამე ადგილზე გადაინაცვლა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეექვსე და მეცამეტე ტურის თითო გადადებული შეხვედრა გაიმართა.

ილიაუნი 2-ისა და გორის უხვგოლიანი დაპირისპირება გორის სასარგებლოდ 10-8 დასრულდა. მატჩის პირველ ნახევარში ილიაუნიმ ორბურთიანი უპირატესობა სამჯერ მოიპოვა, მაგრამ გორელებმა სამივიჯერ მინიმუმამდე შეამცირეს სხვაობა, მეორე ტაიმის დაწყებიდან ექვს წუთში კი თავად გავიდნენ ორი ბურთით წინ. დარჩენილ დროში „სტუდენტები“ მეტოქეს კიდევ უფრო ჩამორჩნენ და საბოლოოდ მნიშვნელოვან შეხვედრაში დამარცხდნენ. ნიკა ოქროპირიძე გორს გამარჯვებაში სამი გოლით დაეხმარა, დუბლი გაიფორმეს ომარ ცარიელაშვილმა და დავით ტლაშაძემ. გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ამ მოგებით კი გორმა ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. 

VI ტურის გადადებულ შეხვედრაში თსუ 2-მა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი უშანსოდ დატოვა და დიდი ანგარიშით 12-2 მოუგო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გეგა კოშაძემ ექვსი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კოშაძის ანგარიშზე 22 გოლია და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მას ერთი ბურთით ბექა ტუღუში (ქუთაისი) ჩამორჩება.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ომარ ცარიელაშვილი, გორი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. ბევრი წაგების ფონზე მოვახერხეთ რომ მესამე თამაში მოვიგეთ. სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. გოლი-გოლზე მიდიოდა შეხვედრა. სასიხარულოა, რომ მოვიგეთ. შეცდომები გვქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, გამარჯვებაში ბოლომდე ბრძოლა დაგვეხმარა“.

ირაკლი გაბისკირია, ილიაუნი2: „სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე თამაში ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ღელვა თან ახლდა მატჩს. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. საბოლოო ჯამში, დაღლილობა დაეტყო გუნდს, ოთხი დღეში ორი მძიმე მატჩი გვქონდა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა, შეტევაზე გავაკეთეთ აქცენტი, რამაც დაცვაში შეცდომები განაპირობა და ალოგიკური გოლები მივიღეთ. ყველა მეტოქეს ვაფასებთ და ყოველ ჯერზე მოსაგებად გამოვდივართ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეჩვიდმეტე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 14 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024