პატრულისა და CAI-ს დაძაბული ნახევარფინალი ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
06 მარტი 2022

პატრულისა და CAI-ს დაძაბული ნახევარფინალი ფრედ დასრულდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის პირველი ½ ფინალური ეტაპის გადადებული შეხვედრები მიმდინარეობს.

სუპერლიგის პლეი-ოფში კავკასიის ავტოიმპორტისა და პატრულის დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა. დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში ანგარიში ირაკლი ხუჭუამ მეორე წუთზე გახსნა, მალევე დავით დარჩიამ წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში გუნდებმა სახიფათო შეტევები გაცვალეს, მაგრამ საბოლოო შედეგი აღარ შეცვლილა.

ერთი დაპირისპირება გაიმართა გრანდ ლიგაში. McGill-მა არმიას 2-0 მოუგო და მეორე ნახევარფინალისთვის უპირატესობა მოიპოვა. სინიშა ლუბიჩიჩმა გუნდი მეჩვიდმეტე წუთზე დააწინაურა, სხვაობა ორ ბურთამდე ნიკოლოზ ჯალაღანიამ გაზარდა. „ძალოვნებმა“ სახიფათო მომენტები შექმნეს, მაგრამ მამუკა მჭედლიშვილმა ყველა შეტევა მოიგერია და კარი მშრალად შეინახა.

დღე საკვალიფიკაციო ლიგით დაიწყო. რუსთავის აზოტმა ქარუსთან დამაჯერებლად იმარჯვა, ანგარიშით 5-1. აზოტმა პირველივე ტაიმში მოიპოვა ოთხბურთიანი უპირატესობა. გიორგი ხომასურიძემ დუბლი გაიფორმა. თამაშის განახლებიდან მალევე ქარუმ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ დარჩენილ დროში კიდევ მიიღო საკუთარ კარში და საბოლოოდ პირველ შეხვედრაში დამარცხდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ბიძინაშვილი, CAI: „მოგეხსენებათ ნახევარფინალია და იგრძნობოდა დაძაბულობა. ორმხრივი შეტევებით მიდიოდა თამაში. დავწინაურდით, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გავუშვით გოლი. იყო ნერვიულობის ფაქტორიც. გავაანალიზებთ ამ თამაშს. ალბათ მეორე თამაშში უკეთ მოვემზადებით და გავალთ ფინალში, რაც ჩვენი დიდი სურვილია. მადლობა მოსულ გულშემატკივარს და მეტოქესაც“.

დავით დარჩია, პატრული: „ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, ასეც ველოდებოდით. ნამდვილად დამსახურებულად დამთავრდა დღევანდელი თამაში ფრედ. ვიბრძოლეთ ორივე გუნდმა და იმედი გვაქვს, შემდეგ თამაშში კიდევ უფრო მეტი მომენტი და შანსი გვექნება. შემდეგი თამაშიც დაძაბული იქნება და იმედი გვაქვს, რომ გავიმარჯვებთ“.

დღის ბოლოს ოქროსა და ვერცხლის ლიგის თითო ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. ენერგო-პრო უკრაინას შეხვდება, კროკობეთი ნიკორას დაუპირისპირდება. 



  © SBM, 2016-2024