სანახაობრივ დერბიში ილიაუნი 2-მა იმარჯვა!

ყველა სიახლე
28 თებერვალი 2022

სანახაობრივ დერბიში ილიაუნი 2-მა იმარჯვა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის XV ტური ევროპის უნივერსიტეტისა და ილიაუნი 2-ის დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ „სტუდენტურ დერბიში“ ილიაუნიმ მეტოქე მინიმალური სხვაობით 3-2 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს. ოცდამეათე წუთზე ილიაუნი ლაშა კურტანიძემ დააწინაურა. ორი წუთის ინტერვალში EU-მ გიორგი ქურხულის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინა, საბა მაჩიტიძემ კი გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში ევროპის უნივერსიტეტმა, მცდელობების მიუხედავად, შედეგი ვერ შეცვალა. 

ამ მოგებით ილიაუნი 2-მა EU-ს სატურნირო ცხრილში სამი ქულით გადაასწრო და მეორე პოზიცია გაიმყარა.

ტურის სხვა შეხვედრაში გორმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამარცხა, ანგარიშით 4-2. გორი ოცდამეოთხე წუთისთვის სამი ბურთით იგებდა. აწსუ-მ ალექსანდრე არსენიძის დუბლით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ თამაშის დასრულებამდე გორმა მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ქურხული, EU: „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ძალიან გვინდოდა მოგება. ილიაუნი ჩვენთვის ყოველთვის პრინციპული მეტოქეა და ვცდილობთ ხოლმე ყველანაირად მობილიზებულები ვიყოთ. მგონია, რომ დღეს ბიჭებმა მოგება დაიმსახურეს, რადგან მეორე ტაიმში მეკარეც არ ჰყავდათ. ვულოცავ გამარჯვებას“.

ნიკოლოზ ბოლქვაძე, ილიაუნი2: „კარგი თამაში გამოგვივიდა საბოლოოდ. ვიცოდით, რომ დაძაბული თამაში გველოდა. ვცდილობთ, პირველ ორ გუნდში მოვხვდეთ და ნახევარფინალებისთვის დავისვენოთ. მადლობა მინდა ვუთხრა გულშემატკივრებს. იბრძოლა მეტოქემაც, სანახაობრივი თამაში გამოვიდა. ვფიქრობ, ჩვენ უფრო მოტივირებულები ვიყავით და უფრო გვინდოდა მოგება“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრები 6 მარტს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024