არმიამ დიპლომატ ჯორჯია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

ყველა სიახლე
27 თებერვალი 2022

არმიამ დიპლომატ ჯორჯია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის ერთი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. არმია დიპლომატ ჯორჯიას დაუპირისპირდა. დაძაბული მატჩი „ძალოვნების“ სასარგებლოდ 2-1 დასრულდა. გამარჯვების გოლი თამაშის დასრულებამდე ოცი წამით ადრე არმიას მეკარემ გაიტანა და განმეორებითი შეხვედრისთვის გუნდს უპირატესობა მოუპოვა.

მერვე წუთზე ენრი ჩადუნელმა ანგარიში გახსნა და არმია წინ გაიყვანა. ლევან კინწურაშვილმა მეორე ტაიმში წონასწორობის აღდგენა მოახერხა და მატჩი ფრედ დასრულებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მერაბ ცომაიამ თავისი ნახევრიდან დარტყმა ზუსტად შეასრულა. დიპლომატ ჯორჯიას დარჩენილი დრო თამაშის გადასარჩენად აღარ ეყო და ფინალის საგზურისთვის საბრძოლველად განმეორებითი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლევან კინწურაშვილი, დიპლომატ ჯორჯია: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. არმიას ძალიან მაგარი ბიჭები ჰყავს, ძალიან კარგი ფეხბურთი შემოგვთავაზეს და შემდეგში უფრო მომზადებულები მოვალთ. ბოლო წუთებზე გაუმართლათ. შეცდომა დავუშვით, ხდება ხოლმე და არაუშავს, შემდეგზე უკეთეს შედეგს დავდებთ“.

მერაბ ცომაია, არმია: „კარგი თამაში გამოვიდა. ბოლო წუთზე გავიტანეთ გოლი და აღელვებულები ვართ, ახლაც ემოციებში ვარ. მიხარია, რომ ასეთი შედეგი ვაჩვენეთ. თანაბარი თამაში იყო. შემდეგ მატჩში ფრეც გვყოფნის და ფინალში გავდივართ, ამიტომ მეტი მოტივაციით ვითამაშებთ“.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ნახევარფინალები ორმატჩიანია.  



  © SBM, 2016-2024