ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პლეი-ოფები იწყება!

ყველა სიახლე
20 თებერვალი 2022

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში პლეი-ოფები იწყება!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის რიგით მეთოთხმეტე სეზონში რეგულარული ეტაპი დასრულდა. ჯგუფში დაკავებული ადგილებით გუნდები სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგის პლეი-ოფში განაწილდნენ და ფინალის საგზურისთვის ბრძოლას იწყებენ.

წრიული ეტაპის დასკვნითი მატჩი კროკობეთსა და ქართუს შორის გაიმართა. „ბუკმეიკრებმა“ ქართუ კომფორტული უპირატესობით 4-1 დაამარცხეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. კროკო ჯერ გიორგი ყაზარაშვილის გოლით დაწინაურდა, ორწუთიან ინტერვალში კი ლევან კუჭაშვილმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა სამბურთიანი გახადა. იაკობ გოგოლაძემ მეორე ტაიმის სტარტზე ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ ლევან კოპალიანმა ოცდამეოთხე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამ შედეგით კროკობეთი ვერცხლის ლიგის პლეი-ოფში იასპარეზებს. „ბუკმეიკერები“ 2018/19 წწ. სეზონზე სწორედ ვერცხლის ლიგის ჩემპიონები გახდნენ. რაც შეეხება ქართუს, „ბანკირები“ ბრინჯაოს ლიგის 1/2 ფინალში ითამაშებენ, მათ 2019/20 წწ. სეზონზე ბრინჯაოს ლიგის ფინალური მატჩი ბაქსვუდთან დათმეს და ამჯერად შედეგის გაუმჯობესებას შეეცდებიან.

გარიკვა A ჯგუფში პოზიციების განაწილებაც. პირველ ადგილზე არმია გავიდა, მას ორი ქულით ენერგო-პრო ჩამორჩა და ოქროს ლიგის პლეი-ოფში კვალიფიცირდა, თბილისის სატრანსპორტო კომპანია კი ვერცხლის ლიგის ფინალისთვის იბრძოლებს.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ყველა 1/2 ფინალური წყვილი ლიგების მიხედვით ასე გამოიყურება:

სუპერლიგა

არმია - დიპლომატ ჯორჯია; კავკასიის ავტოიმპორტი - პატრული

ოქროს ლიგა

ენერგო-პრო - ვითიბი; ბეთლაივი - შემოსავლების სამსახური

ვერცხლის ლიგა

TTC - ფარვანა; კროკობეთი - ნიკორა

ბრინჯაოს ლიგა

ლიბერთი ბანკი - ავერსი; ბანკი ქართუ - NS Studio

საკვალიფიკაციო ლიგა

რუსთავის აზოტი - ქარუ; მეამა - ხალიკ ბანკი

გრანდ ლიგა

ბაქსვუდი - ელპოზო; McGill - არმია

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პლე-ოფის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტს 27 თებერვალს აიღებს.



  © SBM, 2016-2024