ბეთლაივმა CAI-ის პირველი ქულები დააკარგვინა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრები მიმდინარეობს. დღის ბოლოს ყველა ლიგის პლეი-ოფის წყვილი ცნობილი გახდება.
B ჯგუფის მესამე ტურის გადადებულ მატჩში კავკასიის ავტოიმპორტი ბეთლაივს დაუპირისპირდა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა. „ბუკმეიკერებმა“ აქამდე დაუმარცხებელ მეტოქესთან მინიმალური უპირატესობით 1-0 იმარჯვეს. მატჩის ერთადერთი გოლი მეცხრამეტე წუთზე ერეკლე ხაჭვანმა გაიტანა. ამ ეტაპზე, ბეთლაივი ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს, თუმცა B ჯგუფში კროკობეთისა და ბანკი ქართუს შეხვედრაა დარჩენილი, რომელიც საბოლოოდ გაარკვევს ჯგუფში ადგილების განაწილებას.
ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართა გრანდ ლიგაშიც. არმიასა და McGill-ის დაპირისპირება ფრედ 2-2 დასრულდა. საწყის წუთებზე „ძალოვნები“ ლადო ბურდულისა და გოჩა ჯიქიას გოლებით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ორივე ბურთი ავტოგოლით გაიქვითა, McGill-მა წრიული ეტაპის ბოლო მატჩში ქულა შეინარჩუნა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 1/2 ფინალში სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს. ფინალის მეორე საგზურისთვის კი ბაქსვუდი და ელპოზო იბრძოლებენ.
საკვალიფკაციო ლიგაში ხალიკ ბანკმა ქარუს 3-2 მოუგო. „ბანკირების“ რიგებიდან თორნიკე ერისთავმა თამაშის დაწყებიდან სამ წუთში დუბლი გაიფორმა. მალევე სხვაობა საბა ჯიქურმა შეამცირა. ოცდამეხუთე წუთზე ვალერი ზანგურმა ორბურთიანი სხვაობა კვლავ აღადგინა. მატჩის საბოლოო ანგარიში გიორგი ჭინჭარაძემ (ქარუ) დააფიქსირა. ქარუს მიმდინარე ჩემპიონატში ქულა არ აქვს და პლეი-ოფში ლიდერ რუსთავის აზოტს ხვდება. საკვალიფიკაციო ლიგის მეორე 1/2 ფინალური წყვილი მეამა ხალიკ ბანკია.
დღის ბოლოს გაირკვევა სუპერლიგის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგის ყველა 1/2 ფინალური წყვილი.