საქართველოს უნივერსიტეტმა მეორე წრეში მარცხის გარეშე იასპარეზა!

ყველა სიახლე
19 თებერვალი 2022

საქართველოს უნივერსიტეტმა მეორე წრეში მარცხის გარეშე იასპარეზა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. რეგულარული სეზონის მეორე წრის დასკვნითი მეთოთხმეტე ტური ჩემპიონატის ლიდერი ქუთაისისა და საქართველოს უნივერსიტეტის მატჩით დასრულდა. დაძაბულ დაპირისპირებაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 3-3. 

დავით ჯეროვანმა UG თამაშის სტარტზე დააწინაურა, გრიგოლ ბოხაშვილმა კი სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. ბექა ტუღუშმა მეთოთხმეტე და მეცხრამეტე წუთზე ორივე ბურთი გაქვითა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე სპარტაკ ლომიძემ საქართველოს უნივერსიტეტი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ, მაგრამ ტუღუშმა პენალტი ზუსტად შეასრულა და კვლავ, ამჯერად უკვე საბოლოოდ, ანგარიში გაათანაბრა.

საგულისხმოა, რომ UG რეგულარული სეზონის მეორე წრეში სატურნირო ცხრილის პირველი სამეულიდან ვერც ერთმა გუნდმა დაამარცხა და მეტიც, ის ერთადერთი გუნდია, რომელსაც მეორე წრეში წაგება საერთოდ არ აქვს.   

ჩემპიონატში დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა. პლეი-ოფების დაწყებამდე ერთი წრე რჩება. ქუთაისს, რომელსაც ამ ეტაპზე 23 ქულა აქვს, ილიაუნი 2 და ევროპის უნივერსიტეტი ორ-ორი ქულით ჩამორჩებიან.

შეგახსენებთ, რომ პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ მოიპოვებენ 1/2 ფინალის საგზურს. დარჩენილი ორი ადგილისთვის III ადგილოსანი VI ადგილოსანს და IV ადგილოსანი V ადგილოსანს ორ მოგებამდე ეთამაშება.

ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე წრე XV ტურით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტს 28 თებერვალს აიღებს.



  © SBM, 2016-2024