ავტოიმპორტი ქულათა მაქსიმუმით ასპარეზობას განაგრძობს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წ.წ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე B ჯგუფის V ტურის მატჩებით დასრულდა.
დასკვნითი დაპირისპირება კროკობეთსა და კავკასიის ავტოიმპორტს შორის შედგა. სანახაობრივ ბრძოლაში CAI-მ კვლავ მოახერხა „ბუკმეიკერების“ დამარცხება და ლიდერობა განიმტკიცა. ავტოიმპორტი სწრაფი გოლით დაწინაურდა და პირველ ნახევარში მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. დარჩენილ დროში სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და მატჩი საბოლოოდ 5-1 დასრულდა.
ტურის სხვა შეხვედრაში ქართუმ ბეთლაივთან რევანში აიღო და მარტივად 4-0 მოიგო. დავით აბეჩხრიშვილი „ბანკირებს“ გამარჯვებაში ორი გოლითა და ერთი შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი ბიძინაშვილი, CAI: “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ თამაშში გამარჯვება. ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი, ბრძოლა გრძელდება პირველ ადგილზე გასვლისთვის. კარგად მიმდინარეობდა ჩვენთვის თამაში, გავიტანეთ გოლები, იყო სანახაობრივი თამაში, დინამიური და საბოლოო ჯამში მოხარული ვარ, რომ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. რაც შეეხება მომავალს, გვაქვს ამბიცია რომ გავიდეთ პირველზე და ვითამაშოთ სუპერლიგაში“.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 თებერვალს გაიმართება.