ელპოზომ ბოლო წამებზე მოპოვებული ათმეტრიანით ქულა გადაარჩინა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის შეხვედრები გრანდ ლიგის მატჩებით გაგრძელდა.
McGill-ისა და ელპოზოს დაძაბული დაპირისპირება კვლავ ფრედ დასრულდა, ანგარიშით 3-3. მეოთხე წუთზე ელპოზო აკაკი ჩხიკვაძის გოლით დაწინაურდა. McGill-მა წონასწორობა აღადგინა და ოცდამესამე წუთისთვის წინ ორი ბურთით გავიდა. დარჩენილ დროში ელპოზომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და საფინალო სირენასთან ერთად ათმეტრიანის ზუსტად შესრულებით აკაკი ჩხიკვაძემ გუნდს ქულა შეუნარჩუნა.
არმიამ ბაქსვუდთან პირველ წრეში მარცხისთვის რევანში აიღო და 4-1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბაქსვუდისთვის ეს პირველი წაგებაა მიმდინარე სეზონში. „ძალოვნების“ რიგებიდან დუბლი ნადიმ კახაძემ გაიფორმა.
ერთი შეხვედრა გაიმართა საკვალიფიკაციო ლიგაში. რუსთავის აზოტმა ხალიკ ბანკს 4-2 მოუგო. „ბანკირები“ მეთექვსმეტე წუთზე დაწინაურდნენ, მაგრამ აზოტმა წონასწორობა მალევე აღადგინა, პირველ ტაიმშივე წინ გავიდა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ხალიკის რიგებიდან ორივე გოლი ვალერ ზანგურის სახელზეა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიორგი ახვლედიანმა გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლაშა მდივანი, McGill: “ძალიან საინტერესო თამაში იყო. სამწუხაროა, რომ ასე განვითარდა. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მთელი თამაში მიგვყავდა და ამასთანავე 3-1-ზე ვერ გამოვიყენეთ რაღაც მომენტები, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა და დასანანი შეცდომების გამო ბოლო წამზე მივიღეთ ბურთი, რაც იმ წესს ამართლებს, რომ თუ ვერ გაიტან, გაგიტანენ“.
დავით საღარაძე, ელპოზო: „ამ გუნდთან ყოველთვის ფრეს ვამთავრებთ, ბოლო წუთებზე გაგვაქვს ხოლმე. ისეთი გუნდი ვართ, რომ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, დალაგებულები ვართ. იმედია, უკეთესი შედეგები გვექნება. სასიამოვნოა ასეთი ლიგის არსებობა. ასაკოვანი ხალხი მაგალითს აძლევს ახალგაზრდობას. დაძაბულია მაინც ყოველთვის. მაკგილს კარგი ბიჭები ჰყავს, ფეხბურთი უყვარს ყველას და ჟინით თამაშობენ. ჩვენ რაღაც შეცდომები დავუშვით, 3-1 გახდა ანგარიში, მაგრამ ბოლოს გამოვასწორეთ თამაში“.
დღის ბოლოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში B ჯგუფის V ტურის შეხვედრები გაიმართება.