UG-მ მეტოქე კომფორტული სხვაობით დაამარცხა!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგა 2-ის მეთერთმეტე ტური საქართველოს უნივერსიტეტისა და გორის დაპირისპირებით დასრულდა. „სტუდენტებმა“ მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით 7-4 დაამარცხეს და ქუთაისიდან სამი ქულით ბრუნდებიან.
მეათე წუთზე ანგარიში გორელებმა გახსნეს, მაგრამ UG-მ მალევე აღადგინა წონასწორობა და ტაიმის ბოლოს წინ გავიდა. გორმა ზედიზედ გაშვებულ ხუთ გოლს ბოლო ექვს წუთში უპასუხა და სხვაობა სამ ბურთამდე შეამცირა. საქართველოს უნივერსიტეტს მირიან ჯანგავაძე და სპარტაკ ლომიძე დუბლით დაეხმარნენ, მეტოქე გუნდიდან ჰეთრიკი დავით ადუაშვილმა გაიფორმა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკა ფანცულაია, UG: „მთავარი გამარჯვებაა. გორი საკმაოდ მოძლიერდა წინა ტურთან შედარებით. ძალიან ძლიერი ბრძოლა გვქონდა, მაგრამ ვაჯობეთ მეტოქეს. მგზავრობის გამო დაღლილები ვიყავით, ასევე წინასწარ ვირწმუნეთ გამარჯვების და ბოლოს გაგვიტანეს სამი გოლი. როდესაც 7-1-ს იგებ, რთულია იგივენაირი კონცენტრაციით ითამაშო. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლა მაღალი ადგილი დავიკავოთ ცხრილში“.
დავით ადუაშვილი, გორი: „თავიდან ვიგებდით. პირველ ტაიმშიც ვერ გამოვიყენეთ ბევრი მომენტი და როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს, გაგვიტანეს აქეთ. ალბათ მეორე ტაიმში დაღლილობაც დაგვეტყო. 15 წლის მეკარე გვყავს, კარგია, სტიმულია მისთვის, მაგრამ ამ ეტაპზე გამოჩნდა, რომ ამ მხრივ პრობლემა გვქონდა. ბოლოსთვის შეძლებისდაგვარად შემოვინახეთ ძალები, მაგრამ ამან არ გვიშველა“.
ფუტსალის ლიგა 2-ის მეთორმეტე ტური 7 თებერვალს გაიმართება.