ქუთაისმა სატურნირო ცხრილში პირველობა დაიბრუნა!

ყველა სიახლე
23 იანვარი 2022

ქუთაისმა სატურნირო ცხრილში პირველობა დაიბრუნა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის X ტურის შეხვედრები ქუთაისისა და გორის დაპირისპირებით დასრულდა. „იმერლებმა“ მეტოქე 5-4 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნეს.

ქუთაისი პირველ ტაიმში ორი ბურთით გავიდა წინ და უპირატესობა არც შემდეგ დაუთმია. გორმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება სამჯერ მოახერხა (2-1, 3-2 და 5-4), მაგრამ საბოლოოდ ზამთრის პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრაში ქულის აღება ვერ შეძლო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გიორგი ბალანჩივაძემ გაიფორმა.

ტურის სხვა შეხვედრაში ევროპის უნივერსიტეტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი უშანსოდ დატოვა და დიდი ანგარიშით 11-1 დაამარცხა. EU-ს რიგებიდან სამი ბურთი გიორგი ქურხულის სახელზეა, დუბლი გაიფორმეს კახა გოგოხიამ და აკაკი ჯანელიძემ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ბალანჩივაძე, ქუთაისი: „ძალიან ვინერვიულეთ. მძიმე შეხვედრაში მოვახერხეთ გამარჯვება. მიუხედავად იმისა, რომ დანაკლისი გვქონდა, ტუღუში და გელოვანი არ იყვნენ, ქუთაისური ჟინის წყალობით მაინც მოვიგეთ. ამ შედეგით პირველი ადგილი დავიბრუნეთ ცხრილში და ძალიან გახარებულები ვართ. ვფიქრობ, ბოლომდე შევინარჩუნებთ ლიდერობას“.

ნიკა ოქროპირიძე, გორი: „დაძაბული შეხვედრა გამოდგა. ორივე გუნდმა ორივე ტაიმში ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. სამწუხაროდ, წავაგეთ, მაგრამ შემდეგ ტურებში ვეცდებით გამოსწორებას. მეტოქეს ვულოცავ ლიდერობის დაბრუნებას“.

ფუტსალის ლიგა 2-ის XI ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში 29 იანვარს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024