ილიაუნი 2-ის მოგებების სერია UG-მ შეწყვიტა!

ყველა სიახლე
23 იანვარი 2022

ილიაუნი 2-ის მოგებების სერია UG-მ შეწყვიტა!

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონი ზამთრის პაუზის შემდეგ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში X ტურის შეხვედრებით განახლდა. სასტარტო მატჩში ილიაუნი 2 საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა. დაძაბული „სტუდენტური დერბი“ გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 4-4 დასრულდა.

ტურის გახსნით მატჩში ანგარიში პირველი ტაიმის ბოლო წუთზე UG-მ გახსნა, ილიაუნიმ სასტვენამდე წონასწორობის აღდგენა მოასწრო და მეორე ტაიმს გუნდები თითო გოლით შეხვდნენ. ილიაუნი წინ სამჯერ გავიდა, ბოლოს თამაშის დასრულებალდე ოცდაათი წამით ადრე, მაგრამ UG-მ ბექა ქებაძის გოლით ქულის გადარჩენა მოახერხა და სატურნირო ცხრილის ლიდერს ქულები დააკარგვინა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

მირიან ჯანგავაძე, UG: „გვიხარია, რომ არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მაინც გრძელდება ჩემპიონატი. ისევ პანდემიიდან გამომდინარე, სერიოზული დანაკლისით შევხვდით განახლებულ სეზონს. მოსამზადებელ პერიოდშიც შეგვიშალა კოვიდმა ძალიან ხელი. მთლიანობაში, მაინც კარგად ჩავატარეთ ეს თამაში. ამ მოცემულობაში ფრით უკმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. შესვენების მერე პირველ თამაშში მობილიზება და კონცენტრაცია რთულია, ამის გამო გოლის გატანის შემდეგ სწრაფად ვუშვებდით ჩვენს კარშიც ბურთს. პლეიოფისთვის სერიოზულად მოვემზადებით“.

ირაკლი გაბისკირია,ილიაუნი 2: „ზოგადად, პაუზის შემდეგ დაბრუნება ყოველთვის რთულია. ჯერ ვაგებდით, შემდეგ შემოვატრიალეთ მატჩი, საერთო ჯამში, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა შეხვედრა, რაც ანგარიშზეც აისახა. მოგეხსენებათ, ჩემპიონის სტატუსით ვასპარეზობთ წელს და ჩვენი მიზანი მხოლოდ სტატუსის შენარჩუნებაა. თსუსთან გვაქვს შემდეგი თამაში. მათთან ერთად ჩვენც ფავორიტად მოვიაზრებით და ეს დაპირისპირება, პირველ რიგში, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. მართალია, ლიდერი დაგვაკლდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ შეგვეტყოს და ჩვენი ბრძოლისუნარიანობა მაქსიმალურად გამოვავლინოთ“.

X ტურის სხვა შეხვედრებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის უნივერსიტეტს ეთამაშება, ქუთაისი კი გორს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024