"სტუდენტურ დერბიში" UG-მ და თსუ 2-მა ქულები გაიყვეს!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021 წლის ბოლო შეხვედრაში ერთმანეთს თსუ2 და საქართველოს უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ. დაძაბული „სტუდენტური დერბი“ ფრედ 2-2 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი ოთარ კუხალეიშვილისა და სპარტაკ ლომიძის გოლებით UG-ის ორბურთიანი უპირატესობით წარიმართა. ვახო დადიანმა და შალვა ცხადაძემ მეორე ტაიმში ანგარიში გაათანაბრეს და გუნდს ქულა შეუნარჩუნეს. თსუ 2-მა ამ შედეგით სამმატჩიანი წაგების სერია შეწყვიტა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
სპარტაკ ლომიძე, UG: „საკმაოდ დაძაბული მატჩი იყო. იმის მიუხედავად, რომ სატურნირო ცხრილში თსუ ცოტა ქვემოთაა, ძლიერი მეტოქეა და ერთ-ერთ ფავორიტად მივიჩნევ. თამაში ჩვენ მიგვყავდა, ორი ბურთით ვიყავით წინ, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა და გაგვითანაბრეს ანგარიში. ვერ ვიტყოდი, რომ მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ, მაგრამ შეთამაშებულები არ ვართ კარგად“.
დავით ბობოხიძე, თსუ2: „რა თქმა უნდა, კარგია, როცა მარცხდები და თამაშში ბრუნდები. ცუდი ის არის, რომ რამდენიმე თამაშში ზედიზედ ჩვენი შეცდომების გამო დავმარცხდით, ანგარიშმა რომ არ მოგვტყუოს, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. ჯერ-ჯერობით სატურნირო ცხრილში სახარბიელოდ ვერ ვართ, მაგრამ პლეი-ოფისთვის გავძლიერდებით, გუნდის 80 % შეიცვლება. უკვე დროა გადახალისების. ახალი წლის შემდეგ განახლებული ენერგიით დავბრუნდებით და ვეცდებით ჩემპიონობას. ყველას ვულოცავ ახალ წელს, საუკეთესო სურვილებით. ქართულ ფუტსალს 2022 წელს ვუსურვებ წარმატებებს“.
ფუტსალის ლიგა 2 2022 წელს მეათე ტურით 23 იანვარს განახლდება.