ილიაუნი 2 სატურნირო ცხრილში გალიდერდა!

ყველა სიახლე
27 დეკემბერი 2021

ილიაუნი 2 სატურნირო ცხრილში გალიდერდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის მეცხრე ტურის შეხვედრებმა სტარტი ილიაუნი 2-ისა და ქუთაისის დაპირისპირებით აიღო.

დაძაბული და სანახაობრივი მატჩი „სტუდენტების“ მინიმალური უპირატესობით 5-4 დასრულდა და ილიაუნი 2021 წლის „ზამთრის სეზონის“ ჩემპიონი გახდა. ქუთაისი მეთერთმეტე წუთზე თეიმურაზ ტყეშელაშვილმა დააწინაურა. ლაშა კურტანიძემ მალევე აღადგინა წონასწორობა. ტაიმის ბოლოს „სტუდენტები“ წინ გავიდნენ, რის შემდეგაც, უპირატესობა აღარ დაუთმიათ. ქუთაისმა ორჯერ შეამცირა სხვაობა მინიმუმამდე, მაგრამ საბოლოოდ ილიაუნისთან გამართულ მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თეიმურაზ ტყეშელაშვილი, ქუთაისი: „შევეცადეთ ყველანაირად და ძალიან გვინდოდა, რომ ეს წელი გამარჯვებით დაგვესრულებინა, მაგრამ არაუშავს, გვაჯობა მოწინააღმდეგემ. ჩემს ბიჭებს ვერაფერს დავუწუნებდი დღეს, იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ხდება ხოლმე. მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე ვრჩებოდით. ძალიან პრინციპული თამაში იყო. სამწუხაროდ, ილიასთან ორივე შეხვედრაში წავაგეთ. ახალგაზრდებმა გვაჯობეს ნამდვილად, მაგრამ შემდეგ წრეში გაუჭირდებათ ძალიან“.

გიორგი ნათენაძე, ილიაუნი2: „როგორც კაპიტანმა, მინდა აღვნიშნო თითოეული მოთამაშის თავდადება. ვიცოდით, რომ უშეღავათო ბრძოლა იქნებოდა და ასეც მოხდა. ბოლო წამამდე დაძაბულობა იყო. ჩვენ უფრო მეტად მოვინდომეთ. თამაშის ყველა მიმდინარეობისთვის მზად ვიყავით. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დაიწყება თამაში, ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით. ასევე აღვნიშნავ, რომ მწვრთნელის, ალიკ სარქისიანის დაბრუნების შემდეგ გუნდი უფრო მეტად თამაშობს ტაქტიკურ ფუტსალს და უფრო გავძლიერდით. მოხარულები ვართ, რომ წელი პირველ ადგილზე დავასრულეთ“.

მეცხრე ტურის სხვა შეხვედრებში გორი ევროპის უნივერსიტეტს ეთამაშება, თსუ2 კი საქართველოს უნივერსიტეტს გაეჯიბრება.



  © SBM, 2016-2024