ქუთაისმა საკუთარ კედლებში იმარჯვა და ლიდერობა მოიპოვა!

ყველა სიახლე
18 დეკემბერი 2021

ქუთაისმა საკუთარ კედლებში იმარჯვა და ლიდერობა მოიპოვა!

ქუთაისის სპორტის სასახლეში ადგილობრივმა ქუთაისმა მერვე ტურის დასკვნით მატჩში თსუ2-ს უმასპინძლა.

შეხვედრის პირველი ნახევარი „იმერლებმა“ ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ტაიმში „სტუდენტებმა“ ორჯერ შეძლეს სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ ქუთაისმა საპასუხოდ კიდევ ოთხი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი სამი ქულა მოიპოვა (7-2). გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ბაკურ გულუამ ჰეთ თრიკი, ბექა ტუღუშმა კი დუბლი გაიფორმა.

ამ მოგებით ქუთაისმა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ილიაუნი2-სა და ევროპის უნივერსიტეტს ორი ქულით უსწრებს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ბაკურ გულუა, ქუთაისი: „სასიხარულოა ცხრილში ლიდერობა და შევეცდებით სეზონის ბოლომდე შევინარჩუნოთ ეს სტატუსი. თავიდან დაძაბული თამაში იყო, ველოდით კიდევაც, თსუ მებრძოლი გუნდია, თუმცა სავარაუდოდ, ინდივიდუალიზმმა და უკეთესმა რეალიზაციამ შედეგი გამოიღო. რთულია გამოყოფა, მაგრამ, ვფიქრობ გადამწყვეტი მომენტი იყო, როცა მოგვიახლოვდა მოწინააღმდეგე და ჩვენ კვლავ მოვახერხეთ ორბურთიანი უპირატესობის აღდგენა. წარმატებებს ვუსურვებ მოწინააღმდეგეს“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეცხრე ტური, რომელიც 2021 წლის დასკვნითი ტური იქნება, 27 დეკემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024