ევროპის უნივერსიტეტმა ცხრილში პირველობა შეინარჩუნა!

ყველა სიახლე
14 დეკემბერი 2021

ევროპის უნივერსიტეტმა ცხრილში პირველობა შეინარჩუნა!

ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის პირველი წრე ევროპის უნივერსიტეტისა და თსუ2-ის დაპირისპირებით დასრულდა. დაძაბულ ბრძოლაში EU-მ 4-1 იმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა.

„სტუდენტური დერბის“ პირველი ტაიმი თსუ 2-ის მინიმალური უპირატესობით წარიმართა. EU-მ თამაშის განახლებისთანავე შეძლო წონასწორობის აღდგენა, ოცდამეცხრე წუთზე კი წინ გავიდა, რის შემდეგაც უპირატესობა აღარ დაუთმია. მატჩის ბოლომდე ევროპის უნივერსიტეტმა სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა და მორიგი ქულები მიითვალა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ვახტანგ დადიანი, თსუ2: „უპირატესობა გვქონდა, მაგრამ რაღაც პოზიციური შეცდომები დავუშვით მეორე ტაიმში და ამან იმოქმედა თამაშზე. რამდენიმე მომენტში ჩავარდა ჩვენი დაცვა და ამით ისარგებლა მეტოქემ. ანგარიში მიგვყავდა, კარგად ვთამაშობდით, მაგრამ ალბათ არ ვიყავით სათანადოდ მომზადებულები. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდი მომავალში მოუმატებს. ეს სეზონი ჩვენთვის გამოცდილების კუთხით უფრო მნიშვნელოვანია. ყველა თამაშში ვიბრძოლეთ, მაგრამ წავაგეთ ბევრი მათგანი. აშკარად ვუშვებთ დაცვაში შეცდომებს და ამას გამოვასწორებთ სამომავლოდ. იმედი მაქვს, რომ ამ ტურნირს მოვიგებთ“.

აველო კიკვაძე, EU: „ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან კარგი გუნდი და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. დაგეგმილი სამი ქულა არ იყო. ვიცოდით, რომ კარგი და მნიშვნელოვანი თამაში გვქონდა. რაც შეეხება პირველი წრის დასრულებას, მოსაგებად გამოვედით, რათა გაგვემყარებინა ჩვენი წაუგებელი სერია. ყველანაირად ვეცადეთ ვარჯიშებზე რა გეგმაც გვქონდა, გადმოგვეტანა მოედანზე. ჩემი აზრით, გარდამტეხი ჩვენი მესამე გოლი იყო. ორი ბურთით წინ წავედით, ცოტა თავდაჯერებულობაც მოვიდა და უფრო მშვიდად ვითამაშეთ შემდეგ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მერვე ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში 18 დეკემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024