ქუთაისმა პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წწ. სეზონის პირველი წრის დასკვნითი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
სასტარტო მატჩში ქუთაისმა საქართველოს უნივერსიტეტთან უხვგოლიან დაპირისპირებაში 8-6 იმარჯვა და პირველი წრე ერთადერთი მარცხით დაასრულა.
„იმერლები“ პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს სოლიდური უპირატესობით ამარცხებდნენ. 6-1-ის შემდეგ „სტუდენტებმა“ 34-დან 36-ე წუთამდე ოთხი გოლი გაიტანეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ საბოლოოდ ქულის აღება მაინც ვერ მოახერხეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ბაკურ გულუამ, ვახო ესაიაშვილმა და ირაკლი გვეტაძემ დუბლი გაიფორმეს.
ამ მოგებით ქუთაისს შანსი აქვს პირველი წრე ლიდერის სტატუსით დაასრულოს. მისი უშუალო კონკურენტი, ევროპის უნივერსიტეტი, რომელსაც ამ მომენტისთვის 2 ქულით უსწრებს, დღის ბოლოს თსუ 2-ს ეთამაშება; ვერ მოგების შემთხვევში კი პირველ ადგილს ქუთაისი შეინარჩუნებს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ბექა ქებაძე, UG: „პირველი ტაიმი ისე ვითამაშეთ, თითქოს პირველად შეკრებილები ვიყავით. შესვენებაზე გავამხნევეთ ერთმანეთი და უფრო მობილიზებულები გამოვედით, რაც შეეტყო მეორე ტაიმს. რაც შეეხება ჩემს გოლებს, ეს პირველ რიგში გუნდისთვის იყო, მაგრამ ვერ გამოადგა, მაინც 8-6 წავაგეთ. ქულის ასაღებად კლასი და ცოტა იღბალი დაგვაკლდა“.
ლაშა გელოვანი, ქუთაისი: „კარგად დავიწყეთ თავიდან, რაც ანგარიშზეც აისახა. შემდეგ მოვეშვით და დაღლილობამაც იჩინა თავი. ორი-სამი მოთამაშე გვაკლდა და ბოლომდე ძალები არ გვეყო. ძლიერი გუნდია UG და, როგორც ველოდით, ისეთი რთული თამაში გამოვიდა. ახალი გუნდი ვართ, იმედია უკეთ შევთამაშდებით აწი და ასეთ შეცდომებს აღარ დავუშვებთ. პირველ წრეს დადებითად შევაფასებდი, პირველ ან მეორე ადგილზე ვიქნებით, რაც კარგია“.
მეშვიდე ტურის სხვა შეხვედრაში ილიაუნი 2 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეთამაშება, თსუ 2 კი ევროპის უნივერსიტეტს დაუპირისპირდება.