"ბანკირებმა" კროკოსთან იმარჯვეს!

ყველა სიახლე
12 დეკემბერი 2021

თბილისის სპორტის სასახლეში სათამაშო დღე ბანკი ქართუსა და კროკობეთის დაპირისპირებით გაგრძელდა.

დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში გამარჯვება „ბანკირებს“ დარჩათ, ანგარიშით 3-1. პირველივე წუთებზე კროკო გიორგი ჩიქოვანის სწრაფი გოლით დაწინაურდა, მაგრამ ქართუმ ტაიმის დასრულებამდე მოახერხა წონასწორობის აღდგენა და ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვა, რომელიც ბოლომდე შეინარჩუნა. ქართუს რიგებიდან იაკობ გოგოლაძემ აქტივში ორი გოლი მიითვალა.

A ჯგუფის შეხვედრაში ენერგო-პრომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდი კომფორტული სხვაობით 3-1 დაამარცხა. მატჩში ანგარიში TTC-მ გახსნა, თუმცა ეს გოლი მათთვის უკანასკნელი აღმოჩნდა და საკუთარ კარში სამი გაუშვეს. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ილია თოლორდავამ გაიფორმა.

დღის სხვა მატჩი D ჯგუფში შედგა. შემოსავლების სამსახურმა NS Studio-სთან მინიმალური უპირატესობით 4-3 იმარჯვა. NS Studio თავდაპირველად ლიდერობდა, ჩამორჩენის შემდეგ კი სხვაობის მინიმუმამდე შემცირება ორჯერ შეძლო, მაგრამ საბოლოოდ მესამე ტურმა მათთვის ქულის გარეშე ჩაიარა. RS-ს გამარჯვებაში ორ-ორი გოლით შოთა ცუცქირიძე და იასონ ხუნდაძე დაეხმარნენ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

იაკობ გოგოლაძე, ქართუ: „რთული მეტოქე იყო ნამდვილად. კროკო გასული წლის ოქროს ლიგის გამარჯვებულია. აქტიურად დაიწყეს, პირველებმა გაგვიტანეს, მაგრამ ჩვენ  მოვიკრიბეთ ძალები და ვფიქრობ, კარგი თამაში ვაჩვენეთ, კარგი კომბინაციებით გავიტანეთ. სწრაფი გოლის მიუხედავად არ დავკარგეთ კონცენტრაცია და ვფიქრობ, ერთიანობით, ბრძოლის ჟინით და სწორი ტაქტიკით მოვიგეთ. ჩვენი მიზანია ჯგუფში რაც შეიძლება მაღალი საფეხურის დაკავება და რა ეტაპის პლეი ოფიც მოგვიწევს, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ აუცილებლად“.



  © SBM, 2016-2024