ხალიკმა პირველი ქულა ლიდერთან მოიპოვა!

ყველა სიახლე
12 დეკემბერი 2021

ხალიკმა პირველი ქულა ლიდერთან მოიპოვა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წწ. სეზონის მორიგი ტურის შეხვედრები მეამასა და ხალიკ ბანკის დაპირისპირებით გაგრძელდა. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა.

„ბანკირები“ პირველად მეხუთე წუთზე ვალერი ზანგურის გოლით დაწინაურდნენ, მეორედ კი დავით გეფერიძემ გაიყვანა ხალიკი წინ. მეამას რიგებიდან გიგა ესიტაშვილმა წონასწორობის აღდგნება ორივეჯერ შეძლო და გუნდს ქულა შეუნარჩუნა. ამ შედეგით ხალიკ ბანკმა მიმდინარე სეზონში პირველი ქულა აქამდე უდანაკარგო მეამასთან მოიპოვა.  

A ჯგუფში არმიამ ლიბერთი ბანკი კომფორტული უპირატესობით 5-1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ორიდან ორი მოგებით გალიდერდა. არმიელთა რიგებიდან დუბლითა და ორი საგოლე გადაცემით შაკო ცირამუა გამოირჩა. ორი ბურთია გოჩა ჯიქიას ანგარიშზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით გეფერიძე, ხალიკ ბანკი: „ვფიქრობ, დღევანდელი თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. მოწინააღმდეგე შეკრული გუნდი იყო. წინა თამაშებზე შეუთამაშებლები ვიყავით და გაგვიჭირდა. დღეს შედარებით გამოვასწორეთ ეს, მეც პირადად არ ვიყავი წინა მატჩზე. დღევანდელ დღეს თანაბარი თამაში ვიხილეთ. ჩვენი მოწინააღმდეგე ცხრილში პირველ ადგილზეა და ვფიქრობ, ამ მხრივ, მოტივაცია საკმაოდ დიდი იყო ქულები მოგვეპოვებინა. ვეცადეთ, მეამას არ ჩამოვრჩენოდით თამაშში“.

გიგა ესიტაშვილი, მეამა: „კარგად ვიყავით აწყობილები, პირველი თამაშებიც კარგად ჩავატარეთ. დღეს შემართება და მოტივაცია დაგვაკლდა. ჩემი აზრით, უნდა მოგვეგო ხალიკთან, მაგრამ დავკარგეთ ქულები. ფრეც კარგი შედეგია. აქამდე ჩვენი მეტოქე ვერ იგებდა და შეიძლება ესეც ყოფილიყო მიზეზი, გვეგონა, აუცილებლად გავიმარჯვებდით, მაგრამ დღეს კარგი თამაში აჩვენეს“.

თბილისის სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები დღის ბოლომდე გაგრძელდება.



  © SBM, 2016-2024