ევროპის უნივერსიტეტის წაუგებელი სერია გრძელდება!

ყველა სიახლე
07 დეკემბერი 2021

ევროპის უნივერსიტეტის წაუგებელი სერია გრძელდება!

ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტურის შეხვედრა ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტს შორის დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა.

EU სეზონში პირველ მარცხთან ახლოს იყო, მაგრამ გუნდმა სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო და მატჩი 5-5 დასრულდა.

UG პირველ ტაიმში წინ კომფორტული ანგარიშით გავიდა, მაგრამ საბოლოოდ უპირატესობა ორწუთიან ინტერვალში გაფლანგა და მხოლოდ ქულის აღება შეძლო. ევროპის უნივერსიტეტის რიგებიდან საუკეთესო გიორგი ქურხული იყო, რომელმაც ჰეთ თრიქთან ერთად ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ორი შედეგიანი გადაცემით და გოლით UG-დან ნიკა ფანცულაია გამოირჩა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა ფანცულაია, UG: „ვიბრძოლეთ. საკმაოდ რთული თამაში იყო. მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავდა. ასევე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადის სამი მოთამაშე გვაკლდა სხვადასხვა მიზეზის გამო, შესაბამისად, ალბათ რესურსი არ გვეყო ბოლომდე მიგვეყვანა ჩვენი უპირატესობა თამაშში. ფსიქოლოგიურად დავუშვით შეცდომა, გვეგონა, უკვე მოგებული გვქონდა, როცა ეს გავიაზრეთ, გვიანი იყო“.

გიორგი ქურხული, EU: „დაძაბული თამაში გამოვიდა, რომელსაც ასე თუ ისე ველოდით, იმიტომ რომ UG წინა წელთან შედარებით საკმაოდ გაძლიერებულია. ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ, როგორც წინა სეზონშიც არა ერთხელ, თუნდაც რამდენიმე ბურთიანი სხვაობაც ამოგვიფხვრია. იმედია, მოგებების სერიას ისევ დავიწყებთ და უიღბლო ფრეებს აღარ გავაგრძელებთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 დეკემბერს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024