ავტოიმპორტმა კროკობეთთან რევანში აიღო!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მეორე ტური არმიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდის დაპირისპირებით დასრულდა. „ძალოვნებმა“ მეტოქე დაძაბულ თამაშში 3-1 დაამარცხეს. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი გოჩა ჯიქიამ გაიფორმა.
დღის სხვა შეხვედრაში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები, კროკობეთი და კავკასსის ავტო იმპორტი დაუპირისპირდნენ. გასული სეზონის ოქროს ლიგის დრამატულ ფინალში კროკოსთან დამარცხებულმა CAI-მ რევანში აიღო და მეტოქე 2-0 დაამარცხა. მატჩის პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით დასრულდა. გიორგი მაჩხანელმა ავტო იმპორტი მეორე ტაიმის სტარტზევე დააწინაურა, ოცდამეთხუთმეტე წუთზე კი ლაშა ჯოხაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან კოპალიანი, კროკობეთი: „პირველ რიგში, მინდა ყველას მივულოცო განვლილი დღესასწაული, გიორგობა. ჩემი აზრით, ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ავტო იმპორტი და ალბათ ჩვენ ვიბრძოლეთ ბოლომდე. ჩვენ კიდევ გვაქვს განმეორებითი თამაში მათთან და აუცილებლად ვეცდებით, რევანში ავიღოთ. ჩემი აზრით, უშეღავათო ბრძოლა და გარდამავალი უპირატესობა იყო ორივე გუნდის მხრიდან“.
გიორგი მაჩხანელი, CAI: „ინტენსიურად ვვარჯიშობდით. ვემზადებოდით მაქსიმალურად. ყველა გახარებულები ვართ. მოსაგებად გამოვედით დღეს, რადგან ბოლო თამაშში არ გაგვიმართლა და ამიტომ წავაგეთ. მაქსიმალურად გვქონდა იმის განწყობა, რომ ფინალში მარცხისთვის რევანში აგვეღო. მეკარის გატანილი გოლით წავაგეთ ბოლო წუთზე ფინალი და დღეს ორმაგი მოტივაცია გვქონდა. ჩვენი მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენეთ და მომავალში უკეთ მოვემზადებით. შეცდომები გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, მოწინააღმდეგეს შეტევის კომპონენტში ვაჯობეთ. რაღაც მომენტები გავაფუჭეთ, უფრო დიდი ანგარიშით შეგვძლო მოგება“.
თბილისის სპორტის სასახლეში სათამაშო დღე გრანდ ლიგის დაპირისპირებით დასრულდება, სადაც ბაქსვუდი არმიას გაეჯიბრება.